პოლონეთი რუსი დისპეტჩერების დაპატიმრებას ითხოვს

პოლონეთი იმ რუსი დისპეტჩერების დაპატიმრებას ითხოვს, რომლებიც სმოლენსკთან, Ту-154-ის კატასტროფასთან არიან დაკავშირებული, რა დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეს-მდივნის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს სამი დისპეტჩერის დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. ისინი 2010 წელს  აეროპორტ Смоленск-Северный-ში მუშაობდნენ. პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ რუს დისპეტჩერებს კატასტროფის მიზანმიმართულ პროვოცირებაში ედებათ ბრალი. სავარაუდოდ, ისინი საერთაშორისო ძებნილებად გამოცხადდებიან. 

2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, კატინში Ту-154М-ით გაფრინდა. თვითმფრინავი სმოლენსკის აეროპორტთან ჩამოვარდა. დაიღუპა 95 ადამიანი. რუსეთის მხარე კატასტროფაში თვითმფრინავის ეკიპაჟს ადანაშაულებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული