მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა

მთელ მსოფლიოში, წლების განმავლობაში მილიონობით თაყვანისმცემლისთვის, ცნობილი იტალიური დუეტი ალბანო და რომინა პაუერი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების განსახიერება იყო. როდესაც ისინი თავიანთ სიმღერას felicita (ბედნიერება) მღეროდნენ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ოჯახს ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა. და ეს მართლაც ასე იყო.

წყვილს ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა – კონკურსებში გამარჯვება, მსოფლიო აღიარება, ბავშვებით სავსე სახლი, თაყვანისმცემლები…

იტალიელი ალბანო და ამერიკელი რომინა პაუერი 1970 წელს დაქორწინდნენ და 4 შვილი შეეძინათ- 3 გოგო და 1 ბიჭი. მათი უფროსი ქალიშვილი, ილენია კარიზი სილამაზით იყო გამორჩეული, მან პოპულარობა მალე მოიპოვა, იღებდნენ კინოში, მონაწილეობდა ტელეშოუში, ზოგჯერ მღეროდა მშობლებთან ერთად სცენაზე. მოკლედ, საინტერესო და სავსე ცხოვრება ჰქონდა.

ილენია აშშ-ში სწავლობდა. 1993 წლის ბოლოს, უნივერსიტეტის სასწავლო სემესტრის დამთავრების შემდეგ შტატებში მოგზაურობა გადაწყვიტა, თუმცა მშობლებმა ამის ნება არ მისცეს. მაშინ ილენიამ გაყიდა თავისი ნივთები და საკუთარი ფულით დაიწყო მოგზაურობა. მშობლებმა ჩააკითხეს შტატებში და ფლორიდაში შეუერთდნენ შვილს.

გარკვეული პერიოდი ერთად ისვენებდნენ, თუმცა გოგონამ 30 დეკემბერს მშობლები დატოვა და 24 წლის ილენია მოხეტიალე აფრო-ამერიკელი მუსიკოსების ცხოვრებაზე მასალების შეგროვების საბაბით, მარტო გაემგზავრა ახალ ორლეანში. გოგონას მართლაც ყოველთვის იზიდავდა ასეთი ხალხი, შესაძლოა, ეს იყო მისი ახალგაზრდული პროტესტი მშობლების ზედმეტად იღბლიანი და წარმატებული ცხოვრების მიმართ. მას მიაჩნდა, რომ მშობლების ფული და პრივილეგიები საშუალებას არ აძლევდა, დაენახა რეალური ცხოვრება. ალბათ, ფიქრობდა, რომ ქუჩაში, მტვერსა და სიღატაკეში იმას დაინახავდა, რასაც ვერ ხედავდა საკუთარ ოჯახში, თუმცა ამ ყველაფერთან არსებულ საშიშროებას ვერ ამჩნევდა. 

„ილენია იდეალისტია, საერთოდ არ მგავს“,-ამბობდა ალბანო. მას შვილის მისწრაფებების გამო, მოახლოებული უბედურების წინათგრძნობაც ჰქონდა და ამის გამო, ილენიასთან მისი ბოლო ურთიერთობა ჩხუბით დასრულდა. ალბანომ შვილს უყვირა, რადგან შეიტყო, რომ ის იაფფასიან სასტუმროში გადავიდა, რომელიც ღარიბებით დასახლებულ უბანში მდებარეობდა. გოგონა მშობლებს არწმუნებდა, რომ დაბალი სოციალური ფენის ადამიანებთან ახლოს ყოფნა უნდოდა, რადგან უფრო ადვილად შეძლებდა მათ ცხოვრებაზე წიგნის დაწერას. მართლაც, გამოძიების დროს, ერთ-ერთი კაფეს ოფიციანტმა თქვა, რომ ილენია უსახლკარო ეგონა. თუმცა ეს არ იყო მიზეზი მამის აღშფოთების. ალბანომ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარდა და 54 წლის უსახლკარო მუსიკოსთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროს ნომერში. შავკანიან მამაკაცს მასაკელოს ეძახდნენ. 

1994 წლის 1 იანვარს გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ახალ ორლეანში, სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მოხეტიალე მუსიკოსები ჩერდებოდნენ. მოგვიანებით რამინამ თქვა, რომ ილენია შეპირდა, რომ ისევ დაურეკავდა.

„გთხოვ, მალე დამირეკე“,-უთხრა დედამ. „დაგირეკავ“,-უპასუხა შვილმა.

ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მისგან გავიგე,-ამბობს რომინა.

6 იანვარს ახალი ორლეანიდან კვლავ გაისმა ტელეფონის ზარი, მაგრამ ეს არ იყო ილენია. ალბანოს და რომინას შეატყობინეს, რომ მათი ქალიშვილი სასტუმროში არ დაბრუნებულა. ნომერში მისი პირადი ნივთები დარჩა: ტანსაცმელი, ფოტოაპარატი, ჩანაწერები. პოლიციამ აქტიური ძებნა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო, როდესაც საქმეში იტალიის საელჩო ჩაერთო. 

მამაკაცი, რომელთან ერთადაც ილენია ცხოვრობდა, არ იყო მხოლოდ მუსიკოსი, დადიოდა ხმები, რომ მასაკელო ერთგვარი გურუ იყო, ჯადოქარი, და მისტიკოსი. ის ადამიანებს საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევდა, და სავარაუდოდ, ამისთვის ნარკოტიკებს იყენებდა. სასტუმროს თანამშრომლების თქმით, მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული ილენია რამდენიმე დღეში ჭუჭყიან უსახლკაროს დაემსგავსა, რომელსაც ფეხზე მდგომს ეძინებოდა.

პოლიციამ მასაკელო დაკითხა, მაგრამ მისი დაკავებისთვის საჭირო საფუძველი ვერ ნახა. მასაკელოს თქმით, მან და ილენიამ იჩხუბეს, რის შემდეგაც გოგონა სიბნელეში გაუჩინარდა და მას მერე არ გამოჩენილა. მალე გაირკვა, რომ მასაკელო სხვა სასტუმროში გადავიდა და იქ ილენიას სამგზავრო ჩეკების გამოყენებას ცდილობდა. პოლიციამ ის დააკავა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, გაათავისუფლა.

დაკითხვისას მასაკელომ განაცხადა, რომ ილენიასთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია და მათ სხვადასხვა საწოლებში ეძინათ, თუმცა მშობლებს ამის არ სჯეროდათ, რადგან გოგონა აშკარად მონუსხული იყო მამაკაცით და ამბობდა, რომ მან ახალი ინტელექტუალური ჰორიზონტი დაანახა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მასაკელოს ნომერში მეძავები მიჰყავდა, რომლებსაც სასტიკად ექცეოდა, ერთ-ერთმა ისიც თქვა, რომ მამაკაცი მას ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და ის თვითმკვლელთა სექტის მეთაური იყო. თუმცა, პოლიციას მასაკელოს მიმართ პრეტენზიები მაინც არ ჰქონდა.

გათავისუფლების შემდეგ მასაკელო გაუჩინარდა. იამაიკელი მუსიკოსი მას შემდეგ არავის უნახავს, შესაძლოა, მან სახელი გამოიცვალა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა. მისი ბოლო სიტყვები, რაც დაკარგულ გოგონაზე თქვა, იყო: „ვფიქრობ, ყველაფერი კარგად აქვს და თავსაც კარგად გრძნობს“.

ალბანომ მასაკელოს 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუ ის ილენიას საპოვნელად საჭირო ინფორმაციას გაუმხელდა, თუმცა ამაოდ. მამაკაცის გაუჩინარებამ მშობლებს აფიქრებინა, რომ მის უკან შესაძლოა ძლიერი ორგანიზაცია დგას, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს.

საქმეში არსებობს ადგილობრივი დარაჯის ჩვენება, რომელიც 6 იანვარს მისისიპის სანაპიროზე მორიგეობდა. მისი თქმით, ღამის 11 საათზე ლამაზი, ქერა გოგონა დაინახა, რომელიც ძალიან ნაღვლიანი და დათრგუნული ჩანდა. დარაჯის თქმით, გოგონა წყალში გადაეშვა და წყანარად გაცურა, შემდეგ, სავარაუდოდ, კრუნჩხვის გამო, ცურვა გაუჭირდა და შველას ითხოვდა. დარაჯმა საშველად პოლიცია გამოიძახა, თუმცა გოგონას კვალს ვეღარ მიაგნო. ძებნაში ჩაერთო 2 ვერტმფრენი და პოლიციის რამდენიმე კატერი, მაგრამ უშედეგოდ. 

ეს ისტორია დამაჯერებლად ეჩვენა ალბანოს. 1 წლით ადრე მისი გოგონა მართლაც ცდილობდა მისისიპის გადაცურვას, მაგრამ რომინამ კერძო დეტექტივის დაქირავება მოითხოვა. დეტექტივი დარაჯს გაესაუბრა და განაცხადა: „როგორ შეეძლო დაენახა ღამე ცუდი მხედველობის მქონე, ლინზებიან ადამიანს, როგორ ცურავდა გოგონა, რამდენჯერ ამოყვინთა, როგორ გაიგებდა გოგონას ყვირილს, როცა დახრჩობისას ადამიანი არასდროს ყვირის, რადგან ფიზიკურად ეს შეუძლებელია“.

დარაჯი ამბობდა, რომ მდინარეში ბევრი ალიგატორია, ასევე, ცხედარი შესაძლოა, მექსიკის ყურეში წაიღო წყალმა, იქიდან კი, ოკენაეში.

ყოფილი დარაჯი 2003 წელს გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ იმ ღამეს ილენია ნახა.

რომინა შვილის ძებნას იტალიიდანაც აგრძელებდა, დაუკავშირდა დედებს, რომელთა შვილებიც სხვადასხვა დროს ახალ ორლეანში დაიკარგნენ მუსიკალური ფესტივალების დროს. ბეჭდავდა სტიკერებს, დახმარებისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს და სიცილიურ მაფიასაც კი მიმართა. ამასთან, ცოლ-ქმარი კვლავ დადიოდა გასტორლებზე. პუბლიკამ იცოდა  მათი ამბავი და ყველანაირად ცდილობდა მხარდაჭერას. 1996 წელს წყვილმა 65 მილიონი დისკი გაყიდა. 

პრესის მუდმივი დაინტერესება გაუჩინარებული გოგონათი, რომინა და ალბანოსთვის უკვე აუტანელი ხდებოდა. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რომინას აღარ უნდოდა იტალიაში ცხოვრება და აშშ-ში გადაწყვიტა გადასვლა, რათა შვილის ძებნა გაეგრძელებინა. 

ერთხელ, ინტერვიუში ალბანომ თქვა, რომ დარწმუნებულია, მისი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის, რამაც რომინა აღაშფოთა და განქორწინება მოითხოვა. 

გაყრის შემდეგ ალბანო სხვა ქალზე დაქორწინდა, მათ ორი შვილი- გოგო და ბიჭი შეეძინათ.

2006 წელს რომინამ არიზონაში სახლი იყიდა, რათა იტალია სამუდამოდ დაეტოვებინა. თუმცა 3 წელი კალიფორნიაში მოუწია ცხოვრება. იქ მისი ულამაზესი დედა, ლინდა ცხოვრობდა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს , საცხოვრებლად კი, არასდ წასვლა არ უნოდა, ამიტომ რომინა მასთან გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა.

ლინდას ისევე, როგორც რომინას, სჯეროდა, რომ შვილიშვილი ცოცხალი იყო და ოდესმე  გამოჩნდებოდა.

ილენია ბებიასთან ერთად

2018 წელს რომინამ დედის სახლი გაყიდა და კალიფორნიიდან გაემგზავრა. 2013 წელს ალბანომ სასამართლოს მიმართა და მისი ქალიშვილის გარდაცვლილად ცნობა მოითხოვა. 1 წლის შემდეგ სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა: ილენია კარიზი 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა. ამას რომინა ნაღვლიანი კომენტარით გამოეხმაურა, თუმცა განაცხადა, რომ იმედს მაინც არ კარგავდა.

2018 წელს ალბანოს მთელ ოჯახს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. როგორც გაირკვა, ფლორიდაში იპოვეს ცხედრის ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა, ილენიასი ყოფილიყო. დაკავებული იყო სერიული მკვლელი სახელად ჯესპერსონი, რომელმაც თქვა , რომ გოგონამ თავი სიუზენად გააცნო. მისივე თქმით, მას ქერა თმები ჰქონდა და ძალიან ლამაზი იყო. 

ილენია თავს ხშირად სიუზენს უწოდებდა, ამიტომ ოჯახი ტესტის პასუხს დაძაბული ელოდა, თუმცა მალე გაირკვა, რომ გარდაცვლილი მათი შვილი არ იყო. რომინამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „პირველივე დღიდან, როდესაც დაგინახე, ჩემი სიხარული იყავი, მადლობა, რომ შემომიერთდი დედამიწაზე“.

2013 წლიდან ალბანო და რომინა პაუერი კვლავ ერთად დადიან გასტროლებზე, თუმცა ყველა ინტერვიუში უარყოფენ, რომ ხელოვნების გარდა, სხვა ურთიერთობა აქვთ. 

ილენიას ფოტოები დღესაც იძებნება დაკარგული ადამიანების ამერიკულ საიტებზე. დეტექტივი ფრენკი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ახლა სხვაგან მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ არასდროს შეწყვეტს ძიებას და ოდესმე აუცილებლად გაიგებს, რა მოხდა 1994 წლის იანვარში. 

„ხშირად, როდესაც მინდოდა, გამეგო მისთვის, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჯუნგლებში დავიკარგე. მის სულში რაღაც ძალიან რთული და ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. შვილი მუდმივად გვეწინააღმდეგებოდა. 13 წლიდან უნდოდა ამერიკაში წასვლა საცხოვრებლად, თავისი ამერიკული ფესვები მოსვენებას არ აძლევდა. ალბათ კარგად ვერ მივხედეთ, ან ზედმეტი თავისუფლება მივეცით, თუმცა მისი ცხოვრების წესი არასდროს მომწონდა. წინააღმდეგი ვიყავი, მარტო ეცხოვრა, ვგრძნობდი, რომ ჩვენს გოგონას რაღაც შეემთხვეოდა“,-ამბობს ალბანო.

„მე არ ვცხოვრობ, მე დღეებს ვითვლი. ზოგჯერ მოდის ჩემი სახლის კართან და მეუბნება, დედა, აქ კარგად ვარ“,-ამბობს რომინა პაუერი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: