ცენტრი „ემპათია“ ბაჩალიაშვილის საქმეს გამოეთიშა

ცენტრი „ემპათია“ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის კვლევაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი და ადვოკატები არ ენდობიან ექსპერტიზას, რომელშიც „ემპათია“ თავიდანვე იყო ჩართული, შესაბამისად, ის ვერ ხედავს აზრს აღნიშნული ორგანიზაციის შემდგომი მონაწილეობის.

„ჩვენ ზედაპირულად გავეცანით დასკვნას. ამ დასკვნით, გარდაცვალების მიზეზია ორი მედიკამენტით ინტოქსიკაცია. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არის ბევრი გარემოება, რომლებიც მიუთითებს სიუციდზე, თუმცა პროკურატურამ თავისი ქმედებებით დაკარგა ნდობა ოჯახის და ადვოკატების. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც საქმეში მოიპოვება, თუ ოჯახი და ადვოკატი ამას არ ენდობა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ აზრს ჩვენი ჩართულობის, დილემა ოჯახსა და დაზარალებულის ოჯახს შორის, გამოძიებამ უნდა გადაჭრას. „ემპათია“ ეთიშება აღნიშნულ საქმეს, რადგან თუკი ოჯახი და ადვოკატი არ ენდობიან ექსპერტიზას, გაუგებარია, ჩვენ რითი შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ“,-განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მისივე თქმით, პროკურატურას თავიდანვე უნდა წარმოედგინა ის მყარი მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს და არ უნდა დაეწყო რაღაც ფრაგმენტული წიაღსვლები.

„არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რომ გარდაცვალების მიზეზია პერორალური გზით მიღებული მედიკამენტებით ინტოქსიკაცია, არსებობს ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომ ერთი მანქანა მოძრაობდა, არსებობს გუგლის თაიმლაინი, ასევე სხვა ჩანაწერები. ჩვენ მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. თუ იქნება სხვა მტკიცებულებები, და ოჯახს ექნება სურვილი, შეგვიძლია ისევ თავიდან ჩავერთოთ. ვფიქრობთ, პროკურატურა თავიდანვე უნდა მიდგომოდა ამ საქმეს სერიოზულად  და არა რაღაც ფრაგმენტული წიაღსვლებით და გაუგებარი მოქმედებებით, მაგალითად ბუზების ექსპერტიზის არ იყოს, რომელსაც ატარებდნენ სადღაც ვილაზე. მას ცალსახად უნდა დაედო გამოძიების დასკვნა თავისი მტკიცებულებებით“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: