“ქართული ოცნების“ ლიდერებმა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს.

მმართველი გუნდის ლიდერები მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია.

ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე – ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი, რომელმაც გადაადგილების დრო 20-30 პროცენტით უკვე შეამცირა. ამასთან, ახალი გზით, სატრანსპორტო მოძრაობა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ლანჩხუთსა და  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი, ექსპლუატაციაში  2021 წელს შევა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სოფელი არგვეთადან (ზესტაფონი) ლანჩხუთამდე 84 კმ-იანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალით სარგებლობა.

2020 წლის ბოლომდე, ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა, რაც ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: