ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის

ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, უამრავი მეგობრის, მომავლის იმედით სავსე ნაცნობი სახეების დანახვა, რომელთაგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად,-ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამტრედიაში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში.

„დღეს, ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი, ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, ყველაზე საყვარელ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

„აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით.

საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები. დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება“,-განაცხადა კახა კალაძემ

თბილისის მერის თქმით, ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუნდაც იმერეთის რეგიონში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

“ამას სჭირდება ბევრი შრომა, 24-საათიანი მუშაობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს , ვემსახუროთ იმერეთის რეგიონს, სამტრედიას, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სპორტი – მარტო შეუძლებელია იყო წარმატებული. მნიშვნელოვანია გყავდეს და ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი . ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ . მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალიხსმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წამრატებული. შესაბამისად, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“,-განაცხადა თბილისის მერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: