„ინტელექსპრესი“ პრესაში გავრცელებულ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხმიანება

კომპანია „ინტელექსპრესი“ პრესაში გავრცელებულ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხმიანება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინტელექსპრესის“ ფილიალი სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების
უსაფრთხოების პირობებს, თუმცა დაცვაზე პასუხისმგებელი პირების გულგრილობის გამო, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება, რამოდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა 19 სექტემბერს გამთენიისას ინტელექსპრესში მომხდარი ძქურდობის შესახებ. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ
შემდეგი სახის განცხადება:
19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 წუთზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ინტელექსპრესის ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით და რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო. 9 წუთში, ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი. მათ
დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში. გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი
ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი, საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ
მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება რამოდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

დილის 9 საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი წაღებული. რაც შეეხება ზარალს, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300 000 ლარამდე.
მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა პოლიციას და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

აღნიშნულმა ფილიალმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ, მეორე დღესვე, გააგრძელა სრულფასოვანი მუშაობა. პარალელურად კი ქალაქ ქუთაისში სხვა, ორი სერვის ცენტრი შეუფერხებლად ფუნქციონირებდა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული დანაშაული, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას და რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ ინტელექსპრესს მნიშველოვანი
ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ქურდობა თავისი შინაარსით, ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა.
ინტელექსპრესი იტოვებს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა იპოვონ დამნაშავეები და გამოავლინონ ის პირები, რომელთაც გულგრილობითა და არაკეთილსინდისიერი ქმედებითაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას.
ინტელექსპრესი, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი
როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით“,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-ში გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: