როგორ უმკლავდება გერმანიაში covid19-ს ქართველი ემიგრანტების ოჯახი, რომელიც ბინაშია გამოკეტილი

ჩვენი რესპონდენტი 35 წლის ქართველი ემიგრანტია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ნინო სახლში მკურნალობს, ოჯახში მასთან ერთად 62 წლის დედა, უმცროსი და და 11 წლის შვილი ცხოვრობენ. ოჯახის ყველა წევრს გარეთ გასვლა აკრძალული აქვს.

როგორ მიმდინარეობს დაავადება, ამის შესახებ ნინიმ „ინფო ფოსტალიონთან“ ისაუბრა. გარკვეული მიზეზის გამო, მან თავისი გვარის დასახელება არ ისურვა. 

პირველი დღე:  გამეღვიძა უცნაური შეგრძნებით, მაჟრიალებდა, ძლიერი კუნთების ტკივილი მქონდა ასევე თავის ტკივილი. თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია და სამსახურში წავედი. საღამოს სიცხემ ამიწია 38,2.

მეორე დღე: . სიცხე- 38,2. საშინელი ტკივილები. ცივი ოფლი. მტკიოდა ყველაფერი თვალებიც კი. გრიპის დროს რომ კუნთების ტკივილი იცის, ისე, ოღონდ 10-ჯერ ძლიერად. ლოგინში გადაბრუნებაც კი მიჭირდა. დავრეკე ოჯახის ექიმთან, რომელმაც ტესტის აღება მირჩია. 

მესამე დღე (ხუთშაბათი) : მივედი „შარიტეს“ კლინიკაში. მიმღებში ვუთხარი, რომ ეჭვი მქონდა კორონავირუსზე. დაბრძანდით და დაგველოდეთო. მისაღებში ჩემს გარდა დაახლოებით, 60 ადამიანი იყო. ყველა პირბადით. ველოდე 2 საათი. ხალხი დადიოდა, არანაირი პანიკა. ტესტი ამიღეს და ვუთხარი, სანამ პასუხი იქნება, იქნებ საავადმყოფოში დავრჩეთქო.  ექიმმა დაბნეული სახით მკითხა, ოდესმე ვირუსის გამო საავადმყოფოში დაუტოვებიხარო? 

მეოთხე დღე: შედარებით უკეთესად ვარ, სამდღიანმა ჯოჯოხეთმა გაიარა. დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ტესტის პასუხი დადებითია. მკითხეს, როგორ გრძნობ თავს, ხომ არ გაქვს სუნთქვის უკმარისობაო. თუ გექნება დაგვიკავშირდიო. ვკითხე, თუ მექნება უკმარისობა, ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიმაერთბეთთქო? არაო, მიპასუხეს, მხოლოდ ჟანგბადისო. ოჯახის ყველა წევრს გეკრძალებათ გარეთ გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა დაგეკისრებათო. მკითხეს, თუ გყავთ ისეთი ახლობელი, რომ საკვები მოგაწოდოთო. მე ვუპასუხე, რომ ასეთი ახლობელი ამ ქალაქში არავინ გვყავს. მაშინ ისარგებლეთ ონლაინ შეკვეთითო, იყო პასუხი. 

მეხუთე დღე: სიცხე აღარ მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება, ყავამ გემო დაკარგა, საჭმელმაც. ცოტა სურდოც დამეწყო. ისევ დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან. ვუთხარი, რომ ჩემს უმცროს დას აქვს მაღალი სიცხე. მაშინ, თქვენ და თქვენი და ერთ ოთახში იყავით, დედა და ბავშვი- მეორეშიო მირჩიეს. მითხრეს, რომ მოვლენ და ჩემს დასაც აუღებენ ტესტს. გვირჩიეს, ხშირად გავანიავოთ სახლი და მივიღოთ ბევრი სითხე. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში – პარაცეტამოლი. 

მეექვსე დღე: სიცხე- 37,2. უკვე ცხვირშიც ვერაფერს ვგრძნობ, ყნოსვაც დავკარგე. ჯანდაცვიდან არავინ შეგვხმიანებია, ველოდებით. ვრეკავ ოჯახის ექიმთან და ვეუბნები, რომ არავინ მოდის ტესტის ასაღებად, ის კი მპასუხობს, რომ დასვენების დღეებია და სავარაუდოდ, ორშაბათს მოვლენ.

მეშვიდე დღე (ორშაბათი) : როგორც თქვენ არ მოსულხართ, ისე არავინ მოსულა ტესტის ასაღებად. 

დღეს უკვე მე-8 დღეა: კვლავ არავინ მოსულა, რომ ჩემს დას ტესტი აუღონ. იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე გამოჩნდებიან.

საღამოს მოვიდნენ, სახლში არ შემოსულან, მომცეს ჩხირები, ყელში გამოვუსვი დედას, დას და შვილს და უკან დავუბრუნე, პასუხები სავარაუდოდ, ხვალ იქნება.

დედა და ჩემი პატარა გოგონა კარგად არიან, არანაირი სიმპტომი არ აქვთ, სავარაუდოდ, არ გადაედოთ. სახლიდან გასვლის უფლება არ აქვთ 14 დღე. როგორც ოჯახის ექიმმა მითხრა, თუ მე-6 დღეს არ გადაედოთ, ჩათვალე, რომ აღარ გადაედებათო. მე ვკითხე, თუ 6 დღის შემდეგ არ ვარ გადამდები, მაშინ 14 დღე რატომ მეკრძალება გარეთ გასვლა მეთქი. მიპასუხა,- შენ არავის გადასდებ, თუმცა საშიშია, შენ არ გადაგედოს სხვისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მდგომარეობა დაგიმძიმდესო. თავს ნორმალურად ვგრძნობ, გარეთ გასვლაც მინდა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, არავის უთქვამს, როგორ დავიცვათ ოჯახში ჰიგიენა, რომ ჯანმრთელებსაც არ გადავდოთ. თვლიან, რომ ეს მათი საქმე არ არის და ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს ამის შეგნება. ბინაში ერთი ტუალეტი გვაქვს. მე და ჩემი დის შემდეგ დედა შედის და ყველაფერს დეზინფექციას უკეთებს. ნიღბები მხოლოდ ტუალეტში გვიკეთია, სამზარეულოში არ გავდივართ, დედა ოთახში გვაწვდის საკვებს. არანაირი წამალი არ დაუნიშნავთ და არც მიგვიღია, რადგან სიცხე 37-ის ზემოთ აღარ ასულა. არავის ჩაუთვლია საჭიროდ, რომ ჩემს სამსახურში ჩაეტარებინათ კვლევა, ვინმეს ხომ არ გადავდე. არც უკითხავთ, სად ვმუშაობ. მხოლოდ ის მკითხა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თუ შევატყობინე ბავშვის სკოლას და ჩემს თანამშრომლებს, რათა დაიცვან რეკომენდაციები. მისივე ვარაუდით, შესაძლოა, კორონავირუსი ჩემმა შვილმა სკოლიდან მოიტანა, თუმცა მას უსიმპტომოდ ჰქონდა და არ გამოუვლინდა, შეიძლება, ახლაც აქვს. სკოლაში მითხრეს, რომ ჯერჯერობით არანაირ ზომას არ მიმართავენ, სანამ რომელიმე ბავშვს არ გამოუვლინდება ინფექცია. მხოლოდ ამის შემდეგ დაიკეტებიან. ვნერვიულობ დედაზე, რადგან დიაბეტი აქვს და ცოტა ხნის წინ, ც ჰეპატიტზე იმკურნალა.

როგორც თანამშრომელმა მითხრა, ჯერჯერობით არავის არანაირი სიმპტომი არ აქვს, შესაძლოა, არავისთვის არ გადამიდია ინფექცია, რადგან ოფისში ყველა ნიღბებით ვართ.

პრესაში კარგად არ შუქდება, რომ აქ მრავალათასიანი აქციები იმართება ნიღბებისა და სხვადასხვა რეგულაციების წინააღმდეგ. ხალხი ამბობს, რომ სჯერათ ვირუსის არსებობის, თუმცა არ ესმით, რა საჭიროა მკაცრი ზომები, როცა ღორის გრიპი გაცილებით საშიში იყო. ამაზე ექიმებს ასეთი პასუხი აქვთ: ღორის გრიპი ასეთი სისწრაფით არ ვრცელდება, ეს კი ძალიან გადამდებია და ზამთარში, სხვა ვირუსებთან ერთად, საკმაოდ საშიში შეიძლება გახდესო.

Facebook Comments
%d bloggers like this: