m2-ი ოქტომბერში „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას განაახლებს

თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ მუშაობს.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, ვერ მოხერხდა მშენებლობების დასრულება. დაახლოებით 180 ობიექტია თბილისში, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. ჩვენ 2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შევქმენით, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს. გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამშენებლო კომპანია „m2“-ს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ კონკრეტულ ობიექტებზე მშენებლობები უკვე დაწყებულია და სამი წლის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ემიგრანტი, ვინც საცხოვრებელ ფართებს ელოდა, ბინას უკლებლივ ყველა მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: