შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, ჩვენ დრო უნდა მოგვეგო და ეს მოვახერხეთ

მთავრობის დღევანდელი სხდომა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებით გაიხსნა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

როგორც გახარიამ განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმ ეტაპებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

„რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“,- განაცხადა გახარიამ.

„ჩვენ მოქალაქეებთან ყოველთვის აბსოლუტურად ღია და გულწრფელი ვიყავით და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოყვებოდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით.

ჩვენ თავიდანვე თანმიმდევრულად ვთქვით, რომ ვირუსთან ბრძოლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხდომბდა ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას. ამას ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა – მაშინ არათუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური და რესურსებიც იყო მინიმალური.

ჩვენ დრო უნდა მოგვეგო და ეს მოვახერხეთ, რის შედეგადაც გადავარჩინეთ მოქალაქეების დიდი რაოდენობა. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და საქართველო დღესაც „მწვანე ზონის“ ქვეყნად რჩება. თუმცა, მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია, რისთვისაც ჩვენ გვჭირდებოდა დრო. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე.

პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა და დრო მოვიგეთ. ამ დროის განმავლობაში უნდა მოგვემზადებინა ჯანდაცვის სისტემა, ტესტირების სისტემა, გადაგვემზადებინა პერსონალი და გვქონდა კიდევ ბევრი ამოცანა, რომელიც ასევე განვახორციელეთ, თუმცა, გასაგები იყო, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ჩვენ დავიწყეთ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, რაც აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯი იყო. ინფიცირებულთა რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფ გამოვლენასა და შენელებას, კლინიკურ მართვასა და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კი კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს მოქალაქეებს. მაგალითად, დღეს სრულფასოვნად მუშაობს „ცხელების ცენტრები“, რომლებიც მონაწილეობენ ამ გამოვლენის პროცესში, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, ეფექტურად მუშაობს კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, რომელშიც სხვადასხვა უწყება მონაწილეობს, ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სისტემა და ტესტირების სისტემაც.

თებერვალ-მარტში, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, PCR-ტესტების მარაგებიც კი არ გვქონდა. ახლა ჩვენი სისტემა საშუალოდ დღეში 9000 ტესტს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამისთვის მოსამზადებლად დრო და რესურსები იყო საჭირო. გარდა ამისა, მარტში PCR-ტესტებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი, ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22. ახლაც, მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: