მიხეილ რამიშვილი: მეც აუცილებლად დამაკავებენ

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მასაც დააკავებენ.

მისი თქმით, დავით ფურცხვანიძე არის წყარო, რომელმაც სატელიტის ფოტოები სხვა წყაროსგან მიიღო. ფოტოები ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 18 ივლისიდან 22 ივლისამდე იმ ტყეში არ იმყოფებოდა, სადაც ცხედარი იპოვეს.

„საუბარია, რომ ეს არის გაყალბებული. ე.წ. გაყალბებული მე გავასაჯაროვე, მოვიტანე და გამოძიებას ინფორმაცია გადავეცი. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად დამაკავებენ და საქმეს ჩამომაშორებენ.

გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფებს აფარებს ხელს. დავით ფურცხვანიძე 30-ში აშშ-ში მიემგზავრებოდა, იქიდან ისეთი ინფორმაცია ჩამოჰქონდა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე არ იდგა. ის ინფორმაციები მაინც გადმოიგზავნება, ჩემამდე მოვა, ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ. მაგრამ, ჩემს გარდა, სხვასთან მივა ის ინფორმაცია და მაინც გასაჯაროვდება. საზოგადოება ნახავს, მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. PIA.GE-ს ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში არ დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ 14:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. პროკურატურაში არც ბრიფინგის თემას ასაჯაროებენ.

დავით ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა. ფოტოებზე ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს, 5 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: