კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი, მათი პოლიტიკური წარსულია

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული. ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხდა.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია თუ პოლემიკა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და ბევრ სხვა თემაზე, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია, პოლიტიკაში კი ახალი სახეები უნდა შემოვიდნენ, თუმცა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების მსგავს ნაბიჯებს ვერ გადადგამს და სატელიტ პარტიებს ვერ შექმნის – ეს არ არის ჯანსაღი პროცესი და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

„ვინ იქნება მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე, ვის ექნება შესაძლებლობა მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში – სწორედ ამ მიმართულებით არის, ოპოზიციურ სპექტრში დუღილი და ბრძოლა

თუ პოლიტიკური პარტიები განახლდებიან და ახალი პარტიები, ლიდერები გაჩნდებიან, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვნახოთ, ვინ არიან დღეს ოპონენტები – ერთი და იგივე პოლიტიკური სახეები, ერთკაციანი, ორკაციანი პოლიტიკური პარტიები. ადამიანები ძალიან კარგად აფასებენ არსებულ ვითარებას.

შეიძლება, იდეალურები ჩვენც არ ვართ და რაღაც საოცრებებს არ ვახდენდეთ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია – ადამიანი ფიქრობს, რა ხდებოდა წლების განმავლობაში და რა ხდება დღეს – შეფასება ხომ ძალიან მარტივია. ჩვენ, არსებულით არ ვკმაყოფილდებით, არ იფიქროთ, რომ მოხარულები და თვითკმაყოფილი ვართ არსებული მდგომარეობით. პირიქით, უფრო მეტი გვინდა – მეტად დახვეწილი ჯანდაცვის სისტემა; განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. ასევე – ეკონომიკის განვითარებას, რომ თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს – ამისკენ იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა.

პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ძალიან მალე გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: