ნინო გულუა: ჩემთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა და ადამიანის უფლებები, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განათლება, დასაქმება, ღირსეული ხვალინდელი დღე და უზრუნველი სიბერე

„ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსმა“ , რომელიც სამთავრობო პარტიიდან გამოეყო, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო გულუა წარადგინა.

ნინო გულუა ექიმია, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში 25-წლიანი გამოცდილებით. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ორგანიზაციების – გაერო-ს ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF), საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) და გლობალური ფონდის ჯანდაცვის პროგრამებს. აფხაზეთის ომის დროს, ფრონტისპირა სოფლებიდან წალენჯიხის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში  გადმოჰყავდა ორსულები და უწევდა მათ ორსულთა პატრონაჟს.  საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა რაიონის საავადმყოფოსა და ამბულატორიებს.

წალენჯიხაში მოღვაწეობისას მან ჩამოაყალიბა კულტურულ-სამეცნიერო ორგანიზაცია „ალბიონი“ და ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ინგლისური ენა შეასწავლა 100-მდე მოზარდს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. 2002-2002 წლებში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) პროგრამების ფარგლებში ნინო გულუა ზედამხედველობას უწევდა ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ამბულატორიების მშენებლობას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას პირველადი ჯანდაცვის საკითხებში და ეწეოდა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

მაჟორიტარი კანდიდატის სახელს უკავშირდება ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“, რომელიც აქტიურად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ასობით ოჯახისათვის გაუწევია სამედიცინო და სოციალური დახმარება. 2008 წლიდან ნინო გულუა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტში. დღეს საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მრჩეველია. ნინო გულუას ჰყავს მეუღლე – ანზორ ქობალია და ორი ვაჟიშვილი – გიორგი და შალვა ქობალიები, რძალი ნია ბელქანია და ორი შვილიშვილი ნიცა და თეკლა. 

საინფორმაციოცენტრიწალენჯიხა გვერდზე გამოქვეყნდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მედიცინის დოქტორის ნინო გულუას მიმართვას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო

ჩემთვის დიდი პატივია წარვსდგე თქვენს წინაშე არა მხოლოდ როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, არამედ როგორც ამ კუთხეზე უზომოდ შეყვარებლი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესები და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ კუთხის მაჟორიტარი, სადაც ცხოვრობდნენ ტერენტი გრანელი, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ფიფია და VI მოწვევის პარლამენტის წევრი, ჩემი კოლეგა და უფროსი მეგობარი, სამართლიანობისთვის მებრძოლი, პატიოსანი და პატრიოტი მამულიშვილი გიორგი (გუგე) ცანავა.

წალენჯიხა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მშობლიური რაიონია. ეს არის რაიონი, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა ექიმი მიმიღო, შემიყვარა და დამახელოვნა როგორც პროფესიონალი მეან-გინეკოლოგი და გზა გამიხსნა წარმატებებისკენ. მიყვარს წალენჯიხა და წალენჯიხელები. და ამიტომაც ჩემთვის თითოეული წალენჯიხელის პრობლემა მნიშვნელოვანია. დღეს, ჩემი ამომრჩევლები არიან ახალგაზრდები, რომლებიც 18 წლის წინ ჩემს ხელში დაიბადნენ. მე ვიცი ამ ლამაზ კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები და როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მინდა განვითარების სტრატეგია შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენი უშუალო ჩართულობით განხორციელდება.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია სამართლიანობა და ადამიანის უფლებები, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განათლება, დასაქმება, ღირსეული ხვალინდელი დღე და უზრუნველი სიბერე.

წინ გველის ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნები, სადაც თქვენი აზრი გადამწყვეტია! მეტი პასუხიმგებლობა მართებს თითოეულ ჩენთაგანს, რათა მართალი ვიყოთ საკუთარ თავთან, შვილებთან და შვილიშვილებთან, თუ როგორ ქვეყანას დაუტოვებთ მათ.

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. ჩვენ უნდა ვემსახუროთ საქართველოს. და როდესაც ეს არ იქნება მხოლოდ უბრალო სიტყვები და ლოზუნგი – ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

გაძლევთ პირობას, რომ მე ვიქნები არა „მარიონეტი“, რომელიც სხვისი მითითებით იმოქმედებს, არამედ ვიქნები ჩვენი მუნიციპალიტეტის პრობლემების გამხმოვანებელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ წალენჯიხისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით და თქვენი გვერდზე დგომით.

გავაკეთებ ყველაფერს, რათა თითოეული თქვენგანის სატკივარი და პრობლემა მივიტანო პარლამენტში – ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ამ 4 წლის მანძილზე მქონდა პატივი უამრავ ღირსეულ ადამიანთან ერთად მონაწილეობა მიმეღო კანონშემოქმედებით პროცესებში.

მე თითოეული თქვენთაგანის დახმარებით გავაკეთებ ყველაფერს, რათა გვქონდეს: 
🔹 ძლიერი წალენჯიხა!
🔹 ძლიერი ჩხოროწყუ! 
🔹 ძლიერი აბაშა! 
🔹 ძლიერი მარტვილი!

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: