იმედი მაქვს, პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, პასუხს აგებენ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს მისი ძმა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს თავს დაესხა, სიცრუეა.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მისი ძმა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. თავდასხმა კი, მის მხარდამჭერებზე მოხდა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა დაზიანებები მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საინფორმაციო დეპარტამენტები ავრცელებენ ამ ინფორმაციას. რეალურად აბსოლუტურად სხვა სურათი იყო. ჩვენი აქტივი აგიტაციას ეწეოდა სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე. მულტიეთნიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი აქტივისტები, აკრავდნენ პლაკატებს, ესაუბრებოდნენ მოსახლეობას.

შესვენების პერიოდში დასხდნენ ერთ-ერთ ჩაიხანაში, სადაც მათზე მოხდა თავდასხმა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მონაწილე იყო არიფ იუსუფოვი. ის ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსია. ჩემი ძმა ამ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. ის იმყოფებოდა ნახიდურშივე ჩვენს მიკროშტაბში.

როცა გაიგეს, რომ თავდასხმა მოხდა რამდენიმე მეგობართან ერთად მივიდა, მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა. ჩვენი აქტივისტები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დააშორეს ერთმანეთს და გამოიყვანეს ჩვენი შტაბისკენ.

ამ დროს უკვე „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების მობილიზება და თავდასხმა ხდება ჩვენს აქტივისტებზე, რა დროსაც იუსუფოვმა საკმაოდ მძიმე კეტით შეიარაღებულმა თავი გაუტეხა ჩვენს აქტივისტს და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველები ძალიან მალე გამოიძიებენ მომხდარ ინციდენტს და ყველა ადამიანი თავისი დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს. კიდევ ერთ ნიუანსს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს აქტივისტებს შორის იყო ერთ-ერთი ადამიანი ხაიან მუსაევი, ვისთანაც 2 დღის წინ, „ნაცების“ წარმომადგენელი იუსუბოვი მივიდა სახლში და ემუქრებოდა მის ოჯახის წევრებს, თვითონ ხაიანი არ დახვდა ადგილზე.

შემდეგ ერთ-ერთ კაფეში, სადაც ხაიანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მივარდა იუსუბოვი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო მუქარა, რომ თუ სოფელში მუსაევის მხრიდან აგიტაცია იქნებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: