„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულნი დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ბოლნისში ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ „ქართული ოცნების“ წევრებს.

როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას.

„გუშინ, ნახიბულას საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივის მოქმედებები პროვოკაციისკენ იყო მიმართული, შემდეგ „ჩაიხანაში“ მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა- შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. კონფლიქტის ესკალაცია, ჩვენი, „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. კონფლიქტი ამის შემდეგ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში.

ჩვენი რამდენიმე აქტივისტი გადაყვანილია საავადამყოფოში, მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა რომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ როცა ინციდიენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები.

„ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენება, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, მიიღონ რაიმე სარგებელი. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით, გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: