აზერბაიჯანში Facebook, Twitter, Instagram, YouTube, TikTok, Zoom, Skype და WhatsApp დაბლოკეს

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელები დაბლოკა. ინფორმაციას პორტალი NetBlocks ავრცელებს.

კერძოდ, მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია Facebook, Twitter, Instagram, YouTube, TikTok, Zoom, Skype და WhatsApp. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სავარაუდოდ, სომხეთის მხრიდან პროვოკაციების ასარიდებლად მიიღო. 

მანამდე, რეალითი შოუს ცნობილმა ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში თავისი ისტორიული სამშობლო, სომხეთი დაიცვა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „სომხეთი აზერბაიჯანის შეტევის მსხვერპლია, რასაც დეზინფორმაციის კამპანია ახლავს“. კარდაშიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბლოკავს სოციალურ ქსელებში ყველა ჩანაწერს გარდა პროპაგანდისტული პოსტებისა. ტელეშოუს ვარსკვლავი აზრბაიჯანელმა და თურქმა გამომწერებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

მთიან ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხურმა ძალებმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც, აზერბაიჯანი კონტრშეტევაზე გადავიდა. სომხეთის ცნობით კი, ცეცხლი აზერბაიჯანმა გახსნა და არცახს თავს დაესხა. 

1991 წელს მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო და მოსახლეობის დიდ ნაწილს სომხები შეადგენდნენ, აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აზერბაიჯანმა ვერ შეძლო დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. მიუხედავად 1994 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა, პერიოდულად ხდება საომარი მოქმედებების განახლება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: