სტოლტენბერგი გახარიას: დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, შეხვედრისთვის და თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

ერთობლივ კონფერენციაზე სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. მან იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები საქართველოსი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. დიდი მადლობა ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გასულ წელს ძალიან დინამიური თანამშრომლობა გვქონდა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნისთვის რეფორმები და უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთვის არის საქართველოს ფუნქციის ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობის ფანჯარა იმისთვის, რომ ნატოსთან გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდეგი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: