ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის საქმეზე: წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები, თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კითხვას დავით-გარეჯთან დაკავშირებით საქმის აღძვრაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.

„რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რადგან თემა არის მგრძნობიარე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში. არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება მართლა რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, პოლიტიზება ამ საკითხის არ არ არის სწორი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: