ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა

მიუხედავად იმისა რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ პროვოკაციის ფაქტები აღიკვეთოს.

როგორც ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ არაერთხელ აღკვეთეს ინციდენტები. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ირაკლი კობახიძებ დაასახელა, ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერის მისვლა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იწვევდნენ, თუმცა მათი მხარდამჭრები გაფრთხილებული იყვნენ, რომ პროვოკაციას არ აყოლოდნენ.

კობახიძემ ბოლნისში „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა .

„რა ესაქმებოდათ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების შტაბთან?! ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მარნეულში, გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზზეც ისაუბრა.

„გუშინაც იგივე მოხდა. დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო ის რეაქცია, რაც იყო. ჩვენი მოწოდებაა, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აყვეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე პროვოკაციები კიდევ იქნება და უფრო მეტად დამძიმდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული. ,, ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

Facebook Comments
%d bloggers like this: