„ის პუტინის ლეკვია“- მთავარი ფრაზები ტრამპი-ბაიდენის დებატებიდან

კლივლენდში დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები გაიმართა. საათ ნახევრის განმავლობაში პოლიტიკოსები ერთმანეთს ბრალს სდებდნენ რასობრივი შუღლის გაღვივებაში, კამათობდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე და ეძებდნენ რუსულ კვალს. 

გთავაზობთ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარ განცხადებებს:

ტრამპი: „ჯერ არ ყოლია ქვეყანას პრეზიდენტი, რომელსაც იმდენი გაეკეთებინა, რაც მე 3,5 წლის განმავლობაში და ეს იმპიჩმენტის მისტიფიკაციის ჩათვლით. კორონავირუსამდე ჩვენ უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე გვქონდა. ჩვენ ვეწეოდით შეიარაღებული ძალების აღდგენას კოსმოსური ძალების ჩათვლით“.

ბაიდენი: „ამ პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში ჩვენ უფრო სუსტები გავხდით, ღარიბები, უფრო სასტიკები. როდესაც ვიცე-პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ მემკვიდრეობად რეცესია გვერგო. მე მთხოვეს, ამისთვის მიმეხედა და მე ეს გავაკეთე. ჩვენ მას აყვავებული ეკონომიკა დავუტოვეთ და მან რეცესია მოახდინა. რაც შეეხება დასუსტებას- პუტინთან შეხვედრის დროს მე მას ნათლად გავაგებინე, რომ მისგან არაფერი დაგვიკარგავს. ის (ტრამპი) პუტინის ლეკვია. ის ამ დრომდე უარს ამბობს, რამე უთხრას პუტინს ამერიკელი ჯარისკაცების გამო (საუბარია ნიუ იორკ თაიმსის სტატიაზე , სადაც ავტორი ამტკიცებდა, თითქოს რუსეთი მოელაპარაკა ავღანელ მებრძოლებს და სთავაზობდა ფულს ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის. )

ტრამპი: „ჰანთერი (ჯო ბაიდენის შვილი) გამოაგდეს სამხედრო სასწავლებლიდან. ეს იყო დამამცირებელი გაგდება, კოკაინის მოხმარებისთვის. და ის უმუშევარი იყო, სანამ თქვენ არ გახდით ვიცე-პრეზიდენტი. როგორც კი გახდით ვიცე-პრეზიდენტი, მან დიდი სიმდიდრე დააგროვა უკრაინაში, ჩინეთში, მოსკოვში და სხვადასხვა ქვეყნებში“.

ბაიდენი: „ეს ტყუილია. ჩემს შვილს ისევე, როგორც ბევრ ახალგაზრდას, ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. მან ეს გადალახა. გაუმკლავდა, მან ამაზე ბევრი იმუშავა და მე ვამაყობ მისით“.

ტრამპი: „დიახ, და რისთვის მისცეს ათობით მილიონი?“.

ბაიდენი: „არ მიუციათ. ეს მთლიანად უარყოფილია“.

ტრამპი: ჩინეთმა გაჯობა ჯო. და ამაში გასაკვირი არაფერია. შენი შვილი ხომ მიდის და იღებს მილიონობით დოლარს. ასევე, წმინდად ინტერესისთვის- მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მეუღლემ შენს შვილს 3,5 მილიონი დოლარი გადასცა- რითი დაიმსახურა მან ეს ფული?“.

ბაიდენი: „ტყუილია“. 

ბაიდენი: ამერიკაში უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 7 მილიონი დაინფიცირდა კორონავირუსით. ყოველდღიურად 40 000 ადამიანი ავადდება. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს არ გააჩნია პანდემიასთან ბრძოლის გეგმა. ჯერ კიდევ თებერვალში მან იცოდა, რომ კრიზისი ძალზე სერიოზულია, მან იცოდა რომ ეს არის სასიკვდილოდ საშიში დაავადება. თუმცა ეს არც კი აღიარა. ამბობს, თითქოს არ უნდა, რომ ხალხი პანიკამ მოიცვას, მაგრამ ხალხი არ იყო პანიკაში, თვითონ იყო პანიკაში“

ტრამპი: თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა და ქვეყანა არ ჩაგვეკეტა, დღეს 200 000 კი არა, მილიონობით გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ერთი სიკვდილიც ბევრია. ეს ჩინეთის ბრალია, ეს არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება რიცხვებს, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენი ადამიანი კვდება ჩინეთში, რუსეთში, ინდოეთში. მაგრამ ნახეთ, მე რა გავაკეთე: დავკეტე საზღვრები. ბევრი თქვენი გუბერნატორი აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა ფენომენალური სამუშაო ჩაატარა. ჩვენ ვსაუბრობთ გუბერნატორებთან. ჩვენ გვაქვს დამცავი აღჭურვილობა, ნიღბები, ჩვენ ვაწარმოეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები, უახლოეს კვირებში მივიღებთ ვაქცინასაც“.

ტრამპი: „მე ვიკეთებ დამცავ ნიღაბს, როდესაც ეს საჭიროა. მაგრამ არ ვატარებ, როგორც ბაიდენი. ყოველთვის, როდესაც მას ხედავთ, ნიღაბი უკეთია. შეუძლია 200 ფუტიდან გელაპარაკოთ, მაგრამ ყოველთვის ყველაზე დიდი ნიღაბი აქვს, რაც ოდესმე მინახავს“.

ბაიდენი: „ნიღაბი დიდ როლს თამაშობს. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ყველას რომ კეთდებოდა ნიღაბი და დაეცვა დისტანცია, შესაძლოა, ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. 

 ბაიდენი: „ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ამერიკაში თანასწორობისკენ ლტოლვაზე. არასდროს მიგვიღწევია, მაგრამ უარიც არ გვითქვამს ისე, როგრც მას (ტრამპს). როდესაც შარლოტსვილში აქციაზე ქალი მოკლეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარეს კარგი ხალხი იყო. როდესაც მოკლეს ფლოიდი, პროტესტანტები მშვიდობიანად შეიკრიბნენ თეთრ სახლთან. და რა გააკეთა მან? მას შემდეგ გამოვიდა ბუნკერიდან, რაც სამხედროებმა ხალხი გაყარეს. ის რასობრივ უთანასწორობას აღვივებს. ის ამბობს, რომ ეხმარება აფრო ამერიკელებს და ამ დროს, 1000-დან ერთი აფროამერიკელი კორონავირუსით კვდება. თუ ეს არ დამთავრდება, წლის ბოლოს 500-დან 1 მოკვდება. ეს არის აფროამერიკელების დახმარება? რამე გააკეთა? პრაქტიკულად არაფერი“.  

ტრამპი: „შეხედეთ 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტს . მაშინ ბაიდენმა მათ (აფროამერიკელებს) „სუპერაგრესიულები“ უწოდა. და მათ ეს დაივიწყეს. შენ აფროამერიკელებს ისე ცუდად ექცეოდი, როგორც არავინ ამ ქვეყანაში. გამოკითხვებს შეხედეთ, შავკანიან თსაზოგადოებაში მე გაცილებით პოპულარული ვარ, ვიდრე ნებისმიერი რესპუბლიკელი. რადგან ესმით, რას ლაპარაკობ. შენ მათ სხვადასხვა საშინელი ეპითეტებით ამკობდი. ფლორიდა, ტეხასი, ოჰაიო, პორტლენდი-თითქმის ყველა სამართალდამცველი მხარს მიჭერს. მათ (შტატების ხელისუფლება) რომ ჩვენთვის მოემართათ, ნახევარ საათში დამთავრდებოდა არეულობა. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, რადგან მათ რადიკალი დემოკრატები მართავენ. 

ტრამპი: ჩვენ ყველაზე წარმატებული ეკონომიკა შევქმენით მთელი ისტორიის მანძილზე. ჩვენ დავიკეტეთ ჩინეთისთვის, რადგან იქ კატასტროფა მოხდა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, აი ეს (ბაიდენი) წინააღმდეგი იყო და ძალიან ცდებოდა. ჩვენ 204 ათასი ადამიანი დაგვეღუპა ვირუსით, დიახ, ეს ძალიან ბევრია, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი მმართველობის დროს იქნებოდა. ახლა ვიხსნებით, ბიზნესი ფეხზე დგება. 10 მლნ ადამიანი ისევ წავიდა სამსახურებში. ეს რეკორდული რიცხვია, უპრეცედენტო“.

ბაიდენი: „მილიონერები და მილიარდერები, როგორც შენ, თავს კარგად გრძნობენ კრიზისში. მათ დამატებით 300 მილიარდი გამოიმუშავეს მისი საგადასახადო პოლიტიკის წყალობით, რადგან ის ფოკუსირდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. შეხედეთ რა ხდება ქალაქებში, სადაც მუშათა კლასი ცხოვრობს. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მაშინ წავა ოფისიდან, როდესაც სამუშაო ადგილები იქნება შემცირებული“.

ტრამპი: „მე მილიონობით დოლარი გადავიხადე საშემოსავლო გადასახადის სახით“.

ბაიდენი: „გვაჩვენე დეკლარაცია, გვაჩვენე შენი დეკლარაცია“.

ტრამპი: „გაჩვენებთ, როგორც კი მასზე მუშაობას დაასრულებენ. ეს იყო არასწორი საშემოსავლო კანონები. მან მიიღო ისინი. ეს დაგვიტოვა ობამას ადმინისტრაციამ“.

Facebook Comments
%d bloggers like this: