„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, დესტაბილიზაცია მოახდინოს და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ აქ ძალადობრივი საარჩევნო გარემოა

რაც ახლა ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში რომ ნამდვილად არ შედის, ყველამ იცის,-ამის შესახებ ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა გადაცემაში „არენა“ ბოლნისის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი ვარაუდით, კონფლიქტები კოორდინირებული და ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

„ოპონენტები ვერ მოიყვანენ ვერცერთ ფაქტს, როდესაც ჩვენმა მხარდამჭერებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, ან ნებისმიერი საარჩევნო პროცესის წარმართვაში, თუმცა საპირისპირო მაგალითები ძალიან ბევრია. ეს მათი მხრიდან უკვე ყოველდღე ხდება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კოორდინირებული და ორგანიზებულია. წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, შემოდის სიგნალები ჩვენი აქტივისტებისგან, რომ მათ თხოვენ, გამოეთიშონ საარჩევნო პროცესს. 

რამდენიმე დღის წინ მათთან ნახიდურის „ნაცმოძრაობის“ რგოლის ხელმძღვანელი მივიდა, ვინმე არიფ იუსუპოვი, რომელიც აგრესიული ქმედებების ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. ის დაემუქრა ჩვენს აქტივისტებს, რომ თუ მის სოფელში შევიდოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ჩვენებმა ყურადღება არ მიაქციეს და მისი სიტყვები უბრალოდ, ჩათვალეს ვერბალური მუქარად. როდესაც ჩვენი აქტივსტები ნახიდურში შევიდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად შეხვდა, იყო შეხვედრები, რის შემდეგაც ისინი ჩაიხანაში შევიდნენ, იქ მათ ადგილობრივი ნაცმოძრაობის დაჯგუფების წევრებმა მიაკითხეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. როდესაც ეს ხმაური გარეთ გამოვიდა, ჩვენი აქტივის მეორე ნაწილი მივიდა და გამოარიდა იქიდან. პირველი ფაზა იქნა განმუხტული, ამის შემდეგ მოხდა ჩვენი მიკროშტაბის წინ ქვებითა და ხელკეტებით თავდასხმა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ჩვენი აქტივისტი“,-აცხადებს გოგი მეშველიანი. 

მისივე თქმით, ეს თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ განხორციელდა, რაც მიუთითებს იმას, თუ ვინ იყო თავდამსხმელი.

„ოქრუაშვილის შტაბის წევრებმა პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, თითქოს ეს მოხდა ეთნიკურ ნიადაგზე. ეს არის სიცრუე. ჩვენ ბოლნისელები ვართ, შევკრიბეთ სოფლების წარმომადგენლები და ავუხსენით, რომ პროვოკატორები ცდილობენ, დაძაბონ ჩვენს შორის სიტუაცია. ყველამ გაიგო, რა იყო სიმართლე და ვისი პროვოცირებული იყო კონფლიქტი“,-განაცხადა მან, 

მეშველიანის თქმით, ამ ინსინუაციებს გაგრძელება არ უწერია, თუმცა როცა საქმე გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან, წონასწორობიდან გამოსულ ოპონენტთან, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ პროვოკაციები აღარ იქნება, თუმცა საღ გონებაზე მყოფმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა გააკეთოს,

„ისინი არ არიან დაინტერესებული ამ ქვეყანაში მშვიდობით, ისინი თავისი მმართველობის პერიოდში ღიად მტრობდნენ ჩვენს ხალხს, დღეს ცდილობენ, დესტაბილიზაცია მოახდინონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ საარჩევნო ძალადობრივი გარემოა. მათ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ, რადგან შეგუებულები არიან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან და შეეცდებიან, ძალადობრივი მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“,-აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: