ჩვენს თანამშრომლებს დააბრალეს, თითქოს არ დაეხმარნენ „მთავარი არხის“ დაზარალებულ ჟურნალისტს

გუშინ ჩვენს თანამშრომლებს დააბრალეს, თითქოს არ დაეხმარნენ დაზარალებულ ჟურნალისტს. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, მაგრამ ეს ბრალდება არის ტყუილი და პოლიტიკური მდგენელების შემოყვანა მედიაში,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავის მისცემს უფლებას, პირველი არხი ჩააყენონ თავდაცვით პოზიციაში.

„პირველი არხი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რომ დაიცვას თავისი თითოეული თანამშრომელი და სამართლებრივად მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი – ეს ერთმნიშვნელოვნად. მინდა, კიდევ ერთ ნაწილზე გავამახვილო ყურადღება. გუშინ უკვე ჩვენი თანამშრომლები და ჟურნალისტები გახდნენ თავდასხმის ობიექტი. მათ დააბრალეს, თითქოს არ დაეხმარნენ დაზარალებულ ჟურნალისტს. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, მაგრამ ეს ბრალდება არის ტყუილი და პოლიტიკური მდგენელების შემოყვანა მედიაში. არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუდმივად იყვნენ თავდასხმის ობიექტები; არ შეიძლება, ვიღაცისთვის რაღაც დაშვებული იყოს და ჩვენთვის დაუშვებელი; კოლეგიალობას გვთხოვდნენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენვე გვესხმოდნენ თავს. მე არავის მივცემ უფლებას, პირველი არხი ჩააყენონ თავდაცვით პოზიციაში და ვიქნები თითოეული ჩვენი ჟურნალისტის დამცველი. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლებრივი გზით, ჩვენი ჟურნალისტების დაცვის ნაწილშიც ყველა ორგანიზაციას მივმართავთ, დაიცვან ჩვენი ჟურნალისტები, ის ჟურნალისტები, რომლებიც ნამდვილად ყველაზე ნეიტრალურები, მფლობელის ინტერესებისგან აბსოლუტურად დაცლილები არიან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელმაც მომხდარიდან მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ნაცემი ძირს ეგდო და პირველი არხის ჟურნალისტები არ დაეხმარნენ.

მუჰამედალის სოციალურ ქსელში პირველი არხის ჟურნალისტები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ცრუობს. მათი თქმით, მუჰამედალის პროტესტი არ გამოუთქვამს, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი პირველ არხს გაუქმებით დაემუქრა, თუმცა როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ბრალი დასდო მათ არაკოლეგიალობაში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: