დავით ქართველიშვილი: გუშინ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საოცრად გულწრფელი, ობიექტური, ყოვლისმომცველი, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელი, და რაც მთავარია, დამაიმედებელი გამოსვლა

გუშინ ვიხილეთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საოცრად გულწრფელი, ობიექტური, ყოვლისმომცველი, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელი, და რაც მთავარია დამაიმედებელი გამოსვლა – რასაც თითოეული მოქალაქე, გარკვეული შიშით, ნევროზისა თუ დეპრესიის ამა თუ იმ ფორმით შეპყრობილი, იმედის თვალით ელოდებოდა,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის დამაჯერებელმა, უკეთეს მომავალში დარწმუნებული, ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული, სახელისუფლებო პარტიის ლიდერის ტონმა, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დამშვიდების საშუალება მისცა.

,,ურთულესი წელიწადი ხვდა წილად ამ წინასაარჩევნო ციკლს, უამრავ ადამიანს შეეხო, ზოგს ეპიდემიოლოგიური, ზოგს ეკონომიკური კუთხით. და მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის დამაჯერებელმა, უკეთეს მომავალში დარწმუნებული, ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული, სახელისუფლებო პარტიის ლიდერის ტონმა, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დამშვიდების საშუალება მისცა. „ქართული ოცნების“ გუშინდელი პროგრამის ტეზისური პრეზენტაცია, რომელსაც ახლო მომავალში დარგობრივად გაშლილი ხასიათიც უნდა მიეცეს, უკვე ამ ეტაპზეც იძლევა რამოდენიმე ძირითადი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას: მოქმედი ხელისუფლება გააგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის განუხრელ უზრუნველყოფას.

როგორც აქამდე ჩაბარდა ისტორიას საქართველოდან სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში უპრეცენდენტო რაოდენობით საქმეების გადაგზავნის პროცედურები, ეს მიდგომა გაგრძელდება მომავალშიც, რაც ქვეყნის სტაბილურად განვითარების პერიოდს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს • იმის ფონზე, რომ სწორედ არსებული ხელისუფლება აპირებს ევროკავშირის წევრობაზე სერიოზული განაცხადის გაკეთებას, და სწორედ არსებულ ხელისუფლებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღუქვა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანობის პერსპექტივები – ისტორიას უნდა ჩაბარდეს ხელისუფლების ოპონენტთა აბსურდული ბრალდებები მისი რუსეთთან ღია თუ ფარულ ალიანსში მოქმედების თაობაზე და ამაზე აღარ უნდა იხარჯებოდეს მართლაც რომ საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად განკუთვნილი ძვირფასი დრო •

მსოფლიო მასშტაბით პანდემიის არნახული განვითარების ფონზე საქართველოში გაუარესებულმა სურათმა მაინც შეუნარჩუნა ქვეყანას და მის ხელისუფლებას კორონავირუსთან გამკვლავების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე და წარმატებული სახელმწიფოს იმიჯი – ამ მხრივ, ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მზადყოფნაზე ზრუნვის გაგრძელება მხოლოდ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა • საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების ფონზე, ამ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური ვარდნისა თუ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის პარამეტრები არ აღემატება ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების პროგნოზებს – რაც ქართული ეკონომიკის აღორძინების დამაიმედებელი „სტარტ -აპის“ წინაპირობას წარმოადგენს • პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, რაც ძირითადი სატრანზიტო საგზაო არტერიების თუ შიდა გზების გაყვანა/რეაბილიტაციის თვალსაზრისით 2024 წლისთვის მაქსიმალურად შესაძლებელ ნიშნულს მიუახლოვდება. ხოლო ქვეყნის გაზიფიცირების თვალსაზრისით, საქართველო უკვე დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ლიდერ-ქვეყანას. იმედია, რომ ასეთივე წარმატებით გადაწყდება ქვეყნის სასმელი წლით მომარაგების პრობლემები • მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა ჩვენს სტრატეგიულ სოფლის მეურნეობის დარგში, მევენახეობაში, ვენახის განაშენიანების ფართები, ხოლო ამავე პერიოდში მოსავლიანობა 6-ჯერ გაიზარდა – დასახვეწია ყურძნის ჩაბარების და ფასწარმოქმნის ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. იმედია, შემდგომშიც წასახალისებელი იქნება ფერმერული მეურნეობების პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის დარგობრივი სახეობების დაზღვევისა და საბანკო ფინანსირების საშეღავათო პროგრამები • სერიოზულ და მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბისა და დასაქმების პრობლემები, რაც დეტალურად გასაწერ და პრაქტიკაში რეალურად განსახორციებელ პროგრამებს უნდა მოიცავდეს. იმედია, მომავალი პარლამენტის მუშაობა ამ თემატიკას თავის ძირითად ყურადღებას დაუთმობს • მსოფლიო წამყვანი სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ საქართველოს როლისა და ადგილის აქამდე არნახულად მაღალი შეფასებების ფონზე – კორუფციასთან გამკვლავების, ბიზნესის თავისუფლებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გამჭირვალობის კუთხით – უდიდეს პასუხისმგებლობას და ამავდროულად, ფართო საშუალებებს ანიჭებს მოქმედ ხელისუფლებას, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები არა თუ შეინარჩუნონ, არამედ გააუმჯობესონ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით • სახელმწიფო პროვოკაციების პოლიტიკაზე უარის თქმა, სამშვიდობო ინიციატივების მიმართ უალტერნატივო მიდგომა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან თანმიმდევრული და პოზიტიურ მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგომას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალში – მთავარია დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრის სახით (როგორც ამ პროცესების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორის), მოხდეს მათი სრული იგნორირება და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების საბოლოო დარწმუნება, რომ სამხედრო პროვოკაციებისა თუ ავანტიურების დრო – საქართველოს მხრიდან მწარე წარსულს ჩაბარდა ეს არის ის ძირითადი რამ, რაც ამ ეტაპზე ამოვიკითხე, ვნახე და მოვისმინე, რასაც ცალსახად მხარს ვუჭერ, გვერდში ვუდგევარ და ქართულ საზოგადოებასაც ამისკენ მოვუწოდებ“,- წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: