ნათელა მაჭავარიანი: ვახტანგ კიკაბიძეს ერთხელ ქუჩაში ვუთხარი, არაკაცი ხარ მეთქი

Nusagi

„თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე“ გასამართლებული გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნაზე თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

„დახვრეტის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები და შემდეგ ზოგიერთებმა ეს ხელმოწერები უკან გაიწვიეს. არქივში მაქვს ჩაბარებული ყველაფერი და იქ ყველას გვარები წერია. როცა წლები გავა, ნახონ ამ ადამიანთა შთამომავლებმა, რა ბებიები და ბაბუები ჰყავდათ. ეს ადამიანური მომენტია – რა დააშავა შვილიშვილმა, თუ ასეთი გარეწარი ბაბუა ჰყავდა. რა დააშავა შვილმა, თუ ასეთი მამა ჰყავდა. ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი, რომ არაკაცია. არაფერი მიპასუხა. ვახუშტი კოტეტიშვილმა ამიღო ბილეთი ტრანსპორტში და მე ვუთხარი, შენი აღებული ბილეთი არ მინდა“, – აცხადებს ნათელა მაჭავარიანი.

მსახიობმა ის წლების გაიხსენა, როდესაც ფიქრობდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო.

„5 წელი მატყუეს, რომ გეგა იყო ცოხალი, ხან ვინ მომიგზავნეს, ხან ვინ. ერთხელ ტანსაცმელიც კი გავამზადე, რომელიც მისთვის ერთ ადამიანს უნდა წაეღო. ვფიქრობ, ეს 5 -მა წელმა შემამზადა იმისთვის, რომ სიმართლე გამეგო“,-განაცხადა მან.

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

გია ტაბიძე სროლის შედეგად თბილისის აეროპორტში გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, ხოლო დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (თეიმურაზ ჩიხლაძე) 1984 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: