ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, რომელმაც გალში ე.წ.„გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს აფხაზური დროშა დაწვა და უკანონოდ დააკავეს, ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ირაკლი ბებუას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის დროს პოლიციელებმა RG-42-ის ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა აღმოაჩინეს და ამოიღეს. „მოქალაქე ბებუა მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში; ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი – პატიმრობა 30 დღის ვადით“ – აღნიშნულია განცხადებაში.

უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს ე.წ. „გამოძიება“ ე.წ. „სახელმწიფო სიმბოლოს“ შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.

ბებუა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: