წარმოგიდგენიათ, რომ თანმხლები დაავადება 7093 პაციენტიდან მხოლოდ 41-ს ჰქონდა? არა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი 78 წლის ქალბატონია, რომელსაც  ხორხის სიმსივნე, ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა ჰქონდა. მეორე კი, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვოდინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, თუმცა მიაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე მატება შეჩერდება.

მარინა ენდელაძემ თანმხლები დაავადებების შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება თანმხლებ დაავადებას, ხშირად ისმის ხოლმე ამასთან დაკავშირებული კითხვები. წარმოგიდგენიათ, 7093 პაციენტიდან მხოლოდ 41-ს ჰქონდა? არა. მაგრამ ვის გაურთულდება, სად გაურთულდება, არ ვიცით და ამიტომ გვჭირდება დიდი ყურადღება“,-განაცხადა მან. 

მისივე თქმით, უარყოფითი დინამიკის პარალელურად, იზრდება ტესტირების რაოდენობაც.

თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მარინა ენდელაძემ უპასუხა, რომ მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

„ბატონი თენგიზი არ უღალატებს ქვეყანას და არც პაციენტებს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: