გიორგი გახარიასა და გიორგი ვაშაძის დებატების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

გავრცელებული რეკლამა, თითქოს პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გიორგი ვაშაძესთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას, დეზინფორმაციაა – ამის შესახებ ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

გამოცემას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო დებატების წილისყრაში, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა მიიღო და მასთან ერთად რაუნდში აღმოჩნდა გიორგი ვაშაძის პარტიაც, თუმცა ის, რომ დებატები გიორგი გახარიასთან, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შედგება, არის „ფეიკ ნიუსი“ და სიმართლეს არ შეესაბამება.

“პარტია “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ვინ წარადგენს პარტიას აღნიშნულ დებატებში, ამის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს”,- აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Facebook-ის გვერდზე დაანონსა, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Comments
%d bloggers like this: