ივანიშვილმა დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება უშუალოდ მშენებლობა.

იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა. დღეს კი, სრულიად უსასყიდლოდ ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისთვის და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ, მინდა, ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: