კალაძე: ჩვენი ოპონენტების გასაგონად, დავით გარეჯის საკითხი შიდა საქმეა და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება

„განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად, დავით გარეჯის საკითხი საქართველოს შიდა საქმეა და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძე იმედოვნებს, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად

„ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს უმძიმეს ფაქტზე საუბარი. საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 2 პირი, გამოძიების მიხედვით დოკუმენტალურად დასტურდება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის, არალეგიტიმური რუკით ჩანაცვლება.

შედეგად 3500 ჰექტარი ქართული მიწა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიებამ კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ, ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება, მითუმეტეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მათი ავტორების რეალური ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: