საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 794-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6327 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის აჭარაში.

„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, იქ მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ გახლავთ იმერეთი 117 პაციენტით, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 16 პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გახლავთ 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამია, სამცხე-ჯავახეთში – 2, მცხეთა -თიანეთში გახლავთ 1 პაციენტი,- განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: