მამუკა მდინარაძე: 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლის გაუქმება საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა კომისიებში საქართველოს საზიანო შეთანხმებები ხდებოდა

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს რომ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წელს გაუქმებული სახელმწიფო ღალატის მუხლი საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც კომისიებში ექსპერტების დონეზე საქართველოს საზიანო შეთანხმებები ხდებოდა.

„საზღვრების სადემარკაციო კომისიების შეთანხმებების ის ეტაპი, რომლებზეც ამ დღეებში მიდის საუბარი 2006-2007 წლებში ტარდებოდა. იმ პერიოდისთის გარკვეული სექტორები შეთანხმდა, ოღონდ ხაზი უნდა გაესვას და ეს უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ჩვენი ქვეყნის და ეროვნული ინტერესებისთვის, სახელმწიფოთა შორის შეთანხმება არ არის.

შეთანხმებები არის მხოლოდ კომისიის და საექსპერტო დონეზე და ეს შეთანხმებები როდესაც დგებოდა ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, დავარქვათ თუ გინდათ დამთხვევა თუ ვინმე დაიჯერებს ამას, საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის გაზაფხულზე გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი.

ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს პირველი ტალღა სისხლის სამართლის რეფორმის მორჩა და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რომელსაც სახელმწიფო ღალატი ერქვა შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს და საერთოდ გააუქმეს ასეთი ტერმინი. ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ.

მეორე ვერსია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დამთხვევა, თუ ვინმე ამას დაიჯერებს. ან ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ.

ორ ვერსიას როდესაც განიხილავენ, რომ ეს იყო ერთი, ექსპერტების დალოდება და სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რასაც ექსპერტები ეტყოდნენ ან მეორე ვერსია, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ექსპერტებს უნდა აღესრულებინათ, ჩემი სუბიექტური აზრი და ეჭვია, რომ ქვევიდან ზევით გადაწყვეტილება მაშინ არ წამოვიდოდა. ნაცმოძრაობის სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ რასაც ის ურჩევდა, მაგალითად მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა. მე უფრო მგონია, რომ ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებები.

თუმცა ყველაფერი არის გამოძიების გადასაწყვეტი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის უბრალო დამთხვევაა, როდესაც საქართველოს საუარესო გადაწყვეტილებები მიიღებოდა რამდენიმე ათობით და ასობით ჰექტარ მიწასთან დაკავშირებით საექსპერტო დონეზე შესაბამის კომისიაში, მაშინ დამთავრებული რეფორმის მიუხედავად მიუბრუნდნენ ერთ მუხლს და სახელმწიფო ღალატის ცნება გააუქმეს. პირადად ჩემთვის ეს არა არის დამაჯერებელი და ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ ეს იყო შემთხვევითობა და დამთხვევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: