საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან აბურჯანიაც დააკლდება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ც2-ში ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ხუთი ქულით ლიდერობს.

14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან შემდეგ შეხვედრას გამართავს, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

სომხეთთან პოლონეთში გამართულ შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ჯაბა კანკავამ და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ლიდერი ამ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ბელარუსთან თბილისში მოგებული მატჩის შემდეგ გუნდს კიდევ ორი წამყვანი მოთამაშე დააკლდა – გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტიდან“ ტრავმირებული დაბრუნდა და სომხეთთან მატჩის შემდეგ ბელგიაში დაბრუნდება.

თუმცა, ჩვენი ნაკრების საკადრო პრობლემები ამით არ დასრულებულა. ვლადიმერ ვაისის თქმით, გუნდს კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდა – გიორგი აბურჯანია, რომელმაც სომხეთთან მატჩი საკმაოდ კარგად ჩაატარა.

„ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ, ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: