როგორ მიიღებენ კოვიდინფიცირებული პირები არჩევნებში მონაწილეობას? – თამარ ჟვანიას განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულებს, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს კვირის ბოლოს ეცოდინებათ თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. აღნიშნულის შესახებ ჟვანიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკური პარტიებთან ერთად აღნიშნული საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და ჩვენი არგუმენტი იყო ყველაფერი უნდა გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

ამიტომ რთულია ნამდვილად, ეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უკავშირდება, მაგრამ ჩვენი დღევანდელი შეთავაზება, რომელსაც პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან გავივლით, არის ის რომ საკარანტინო სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფიცირებულებისთვის გავხსნათ უბნები. ამავდროულად მათ ვინც ბინებში გადიან როგორც სამედიცინო მომსახურებას, შეიძლება ეს იყოს კოვიდინფიცირებული მსუბუქი ფორმით, მაგრამ თვითიზოლაციაშია, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთებით – ეს არის ჩვენი შეთავაზება.ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ არცერთ მხარეს არ ჰქონდეს შიში“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: