„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს

ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ.

მისივე განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. დიმიტრი შაშკინი მომხდარს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.

„შეიძლება ეს ჩადენილი იყოს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ბანდა შექმნეს რაიონში, ატერორებენ მოსახლეობას და რომლებსაც ხელმძღვანელობს მოქმედი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ძმა. ასევე, მაგალითი გვაქვს იმისა, რომ დასჯილი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელმაც ლოდი ესროლა ვეტერანს. ის იდენტიფიცირებულია, თუმცა აქამდე არ დაუკავებიათ. ასევე არ არის დაკავებული ნახიდურის გამგებელი, რომელიც პირდაპირ ეთერში თქვენს კოლეგას დაჰპირდა, რომ თავს მოაჭრიდა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დმანისში, წალკა, ბოლნისსა და თეთრიწყაროში.

Facebook Comments
%d bloggers like this: