საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ხელშესახები პოზიტიური შედეგები უკვე გვაქვს. გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

„ფერმერები კმაყოფილები არიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36 პროცენტით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინო სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.

შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება.

„2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. 2020 წლის ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება ექვსჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: