ნიუ-იორკში მედუზა გორგონას ფემინისტური სკულპტურა დადგეს

ნიუ იორკში, სასამართლოს შენობის წინ მედუზა გორგონას 2-მეტრიანი ქანდაკება დადგეს. ფემინისტური სკულპტურის ავტორია ლუჩიანო გარბატი. მედუზა გორგონას ხელში პერსევსის მოკვეთილი თავი უჭირავს, რაც ავტორის თქმით, ბენვენუტო ჩელინის ცნობილი ქანდაკება „პერსევსის“ ახლებური გააზრებაა. 

მედუზა გორგონას ქანდაკება 2008 წელს შეიქმნა, თუმცა პოპულარობა 2018 წელს მოიპოვა, როდესაც ლუჩიანო გარბატიმ მოძრაობა „me too“-ს პერიოდში ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ჰარვი ვაინშტეინს 23 წელი მიუსაჯეს, გაჩნდა იდეა, რომ სკულპტურა სწორედ იმ შენობის წინ დაედგათ, სადაც ცნობილი კინოპროდიუსერი ქალებზე სექსუალური ძალადობის გამო გაასამართლეს. 

მითის თანახმად, პოსეიდონმა ულამაზესი გოგონა, რომელსაც მედუზა ერქვა, ათენას ტაძარში გააუპატიურა. ათენამ მედუზა ტაძრის შებილწვაში დაადანაშაულა და საშინელ გორგონად გადააქცია, რომელსაც თმის მაგივრად გველები ჰქონდა და ერთი შეხედვით ადამიანის გაქვავება შეეძლო. შემდეგ მას პერსევსმა თავი მოკვეთა. 

გარბატის თქმით, მან ბენვენუტო ჩელინის ცნობილი ქანდაკება, რომელშიც პერსევსს მედუზას თავი უჭირავს, ახლებურად გაიაზრა და გადაწყვიტა გამოესახა, „როგორ გამოიყურება გამარჯვებული მედუზა“.

ახალმა სკულპტურამ პოზიტიური რეაქციები გამოიწვია, თუმცა მალევე დაიწყო დისკუსიები. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მოძრაობა me too-ს სიმბოლო კაცს არ უნდა შეექმნა, აქტივისტი ქალი ვაგატვე ვანჟუკი კი, აპროტესტებს, რომ ქანდაკებაზე ევროპული ტიპის პერსონაჟია და არა აფრო-ამერიკული.

Facebook Comments
%d bloggers like this: