„ევროპულმა საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაგეგმილი მსვლელობა გააუქმა

Nusagi

„ევროპულმა საქართველომ“ 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქცია-მსვლელობა გააუქმა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ეპიდემიური ვითარების გამწვავებაა.

პარტიაში აცხადებენ, რომ აქციაზე რეგიონებიდან ათასობით ადამიანს ელოდებოდნენ.

„ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. ვირუსის მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკით და მოუმზადებელი ჯანდაცვით ვხვდებით. ასეთ პირობებში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან.

აქციაზე მოხდებოდა სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის ერთად თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და იქნებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება და ადამიანების იზოლირების ზომების დაცვა. ამიტომ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა პარტიამ, გადავდეთ აქცია. პირველი ნოემბრის მერეც ვიზრუნებთ ხალხზე. ჩვენი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყანას და არჩევნებზე ყველა ერთად მივიდეთ, სადაც ყველა ერთად უარს ვეტყვით „ქართულ ოცნებას“ და მოვიტანთ ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: