მეუფე სტეფანე: განცხადებები გვაჩვენებს, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას დათანხმდა

ჩანს, გარკვეული წრეები დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ მომხდარიყო დემარკაცია საქართველოს საზიანოდ, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესს გარკვეული ხალხი საქართველოშივე ლობირებდა და როგორც ჩანს, იგივე ხდებოდა კომისიაშიც.

„განცხადებები ადამიანებისა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და მოვალენი იყვნენ დაეცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ის ადამიანები აცხადებდნენ, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ არის. რატომ აცხადებდნენ, გასარკვევია. ამ შემთხვევაში, განცხადებები გვაჩვენებს, რომ ის ხელისუფლება დათანხმდა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და გვაგუებდნენ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეკლესიას ამასთან დაკავშირებით ჰქონდა პროტესტი. არაერთხელ გამოითქვა ეს პროტესტი ხმამაღლა, ჩუმად, ყველანაირად, თუმცა დღემდე ეს პროცესი ასე წარიმართა. დღეს, როდესაც ეს საკითხი დადგა ხმამაღლა, გვიხარია, რომ რაღაც დადებითი ცვლილებები შეიძლება მოხდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე . ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს გამოძიება და გავიგოთ, ვის რა უნდოდა და რატომ აკეთებდა ასეთ რამეს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: