ენტონი ფაუჩი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ალბათ 2021 წლის აპრილში იქნება ხელმისაწვდომი

Nusagi

თუ ყველა ვაქცინა, რომელიც ახლა კლინიკურ ცდებს გადის, ეფექტური და უსაფრთხო გამოდგება, ვაქცინა 2021 წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი,-ამის შესახებ აშშ-ს ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ CBS Evening News -თან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

79 წლის ექიმის თქმით, ვაქცინა სავარაუდოდ, უკვე „გზაშია“ და ნოემბრისთვის ან დეკემბრისთვის ადამიანებს უკვე ეცოდინებათ, არის თუ არა ის ეფექტური და უსაფრთხო.

„ჩვენი გათვლებით, აპრილის ბოლოს დაახლოებით 700 მილიონი დოზა გვექნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ ინვესტირებული ექვსივე კომპანია დაამტკიცებს თავისი შექმნილი ვაქცინის ვარგისიანობას“,-განაცხადა მან.

მანამდე, მიმდინარე თვეში Johnson & Johnson-მა COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ცდის ერთ-ერთ მონაწილეს „გაურკვეველი დაავადება“ განუვითარდა. ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ არ დაასახელა, რა დაავადებაზეა საუბარი, მაგრამ განაცხადა, რომ დროებითი პაუზა იშვიათობა არ არის კლინიკური ცდების დროს. ვაქცინის, ან პრეპარატის შექმნის პერიოდში, თუ მონაწილეს არასასურველი რეაქცია გამოუვლინდება, ცდები დროებით ჩერდება, რათა დადგინდეს, იყო თუ არა პრობლემის მიზეზი ახალი პრეპარატი.

„არასასურველი მოვლენა- ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა და ა.შ- სერიოზულიც კი, ნებისმიერი კლინიკური კვლევის დროს მოსალოდნელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მსხვილ კვლევებს“,-განაცხადეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ პაუზა აუცილებელია, რათა კვლევის განახლებამდე შესაძლებელი იყოს ყველა სამედიცინო ინფორმაციის შემოწმება. 

ვაქცინა, რომელზეც აშშ-ში დიდ იმედებს ამყარებენ, კლინიკური ცდების ბოლო ფაზაში 23 სექტემბერს გადავიდა. მე-3 ფაზაში მონაწილეობა 60 ათასმა ადამიანმა მიიღო. 

კვლევები კიდევ ერთ იმედისმომცემ ვაქცინაზე, რომელზეც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობენ, ასევე შეჩერებულია, რადგან ერთ-ერთმა მონაწილემ ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. AstraZeneca-მ 12 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში კვლევა განაახლა, მაგრამ კერჯერობით სანიტარული ზედამხედველობის ნებართვას ელოდება, რათა აშშ-შიც გააგრძელოს საქმიანობა. 

CBS Evening News -თან საუბრისას, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში მკვეთრად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი.

„მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რაზეც ყოველდღე ვლაპარაკობ: ნიღბების საყოველთაო გამოყენება, ხალხმრავლობებისგან თავის არიდება, ღონისძიების ღია სივრცეში გამართვა და არა დახურულში, ასევე ხელების ხშირი დაბანა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: