მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი

Nusagi

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები გაორმაგდა. კერძოდ, მხოლოდ 2013-2020 წლებში 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი. „ესაა სწორედ ის მაგისტრალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკავშირებენ ევროპულ ბაზრებთან, რეგიონის და აზიის ბაზრებთან და გვაძლევენ საშუალებას შევასრულოთ ლოგისტიკური დამაკავშირებელი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე განხორციელდა 3003 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია.

2012 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სისტემის დაფინანსება. „ესაა პირველ რიგში უსაფრთხო სასმელი წყალი ჩვენს ოჯახებში, რეგიონებში. დიდ ქალაქებში, ჭიათურასა და ქუთაისში მხოლოდ წელს შევძელით მივაწოდოთ მოსახლეობას უსაფრთხო სასმელი წყალი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, 2,5-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის მაჩვენებელი, გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. „დასაქმება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გულისხმობს უამრავი ადამიანის დასაქმებას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 1200 ქართული კომპანია და 30 000-ზე მეტი ადამიანი. „ჩქაროსნული მაგისტრალების გარეშე ჩვენი განვითარება და ევროკავშირთან დაახლოება არის წარმოუდგენელი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ქვეყანაში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის ტემპი 3-ჯერ გაიზარდა. 2013-20 წლებში აშენდა 198 კილომეტრი ავტობანი. „წელს გავხსნით 70 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაგისტრალს, რაც უფრო მეტია ვიდრე წინა ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გაკეთებული საქმე 8-წლიან პერიოდში“, – განაცხადა მინისტრმა.

2021-2024 წლებში იმ პროექტების დასრულების შედეგად, რომლებიც უკვე მიმდინარეობს, საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი. დასრულდება რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთები. თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შემცირდება 3,30 საათამდე. „ დროის შემცირებასთან, უსაფრთხოებასთან და გამტარუნარიანობასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა უფრო აქტიურად ჩაერთვება სავაჭრო პროცესში, რომელიც ჩვენს დიდ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღეს რუსთავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია შედგა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: