ერთეულ ხარვეზებს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სისტემა ჩამოიქცა, თუ იქნება აპოკალიფსი, გამოვალთ და ვიტყვით

Nusagi

კოვიდინფიცირებულების მკურნალობა ბინაზე და კოვიდსასტუმროებში არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

„დღეიდან ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც, საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ე.ე. პისიარ ტესტის პასუხი ექნებათ, ნაცვლად კარანტინისა, წავლენ თვითიზოლაციაში. ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საავადმყოფოებში ადგილები, ბინაზე მყოფი პაციენტები მიგედებული არიან, ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვას. დღეს თვითიზოლაციაშია 11021 ადამიანი. მათთან კავშირი აქვს ექიმს. არის დაგვიანებები, 1 ან 2 საათი, რაც უკმაყოფილების საგანი ხდება და შემდეგ სოციალურ ქსელში ქვეყნდება. თხოვნა გვაქვს, არ დაუშვათ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. თუ აპოკალიფსი იქნება, არ დავმალავთ, გამოვალთ და ვიტყვით. ამას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც საბჭო ავრცელებს და მთავრობის ადმინისტრაციის სპეციალურ ვებგვერდზე ვრცელდება“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ხდება ერთეული ხარვეზების შემთხვევების განზოგადება და ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემა დაიქცა.

„რესურსებთან დაკავშირებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს რესურსები არსებობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასე იქნება, თუ არ დავიცავთ წესებს, დისტანციას, არ ვატარებთ პირბადეს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: