თურქული გამოცემის ცნობით, არველაძეს ტრაბზონსფორის გაწვრთნა ოფიციალურად შესთავაზეს – უზბეკეთში მისი ხელფასი 1,5 მილიონი ევროა

Nusagi

თურქეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა „ტრაბზონსფორმა“ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და შოთა არველაძეს ოფიციალური წინადადებით მიმართა. ინფორმაციას თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ავრცელებს.

„სუპერლიგის ახალი სეზონი „ტრაბზონსფორმა“ კარგად ვერ დაიწყო, ბოლო ტურში კი „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 წააგო (ცხრილში მე-14 ადგილზეა). წყაროები ამტკიცებენ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ინგლისელი ედი ნიუტონის გაშვება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ „ტრაბზონსფორმა“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა შოთა არველაძეს. ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გუნდის ადმინსიტრაციამ ყოფილ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც ახლა უზბეკეთის გუნდში, „პახტაკორში” მუშაობს, შოთა არველაძეს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა“, – წერს გამოცემა.

„ჰურიეთი“ მოლაპარაკების დეტალებსაც ახმაურებს.

„როდესაც „ტრაბზონსფორის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა შოთას, ცნობილი იყო, რომ მას „პახტაკორთან“ კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებოდა. ქართველი მწვრთნელისგან კი შემდეგი პასუხი მიიღეს – მაშინ ვისაუბროთ, როდესაც კონტრაქტი დამთავრდება”.

შოთა სუპერლიგაში მწვრთნელად ადრეც მუშაობდა „კაიზერისპორში“, „ტრაბზონსფორსა“ და „ქასიმფაშაში“.

თურქული გამოცემა ფინანსურ დეტალებსაც ასაჯაროებს.

„შოთა არველაძე „პახტაკორს“ სათავეში ორი წლის წინ ჩაუდგა, პირველივე სეზონში გუნდი მე-6-დან მე-2 ადგილზე დაააწინაურა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. გასულ სეზონში 47 წლის არველაძემ, გუნდი ჩემპიონი გახადა და უახლოესი მეტოქე 20 ქულით ჩამოიტოვა, ასევე მოიგო უზბეკეთის თასი. შოთა არველაძის ხელფასი, რომელმაც „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა, წელიწადში 1.5 მილიონი ევროა“.

Facebook Comments
%d bloggers like this: