BBC: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ერთად აზერბაიჯანელები და სომხები

Nusagi

მთიანი ყარაბაღის გამო აზებაიჯანისა და სომხეთის ომში, ამ ორი ქვეყნის საერთო მეზობელი – საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს,-ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეათედი ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები არიან.

გამოცემის ცნობით, ამ ეროვნების წარმომადგენლების არაერთი თაობა უკვე მრავალი წელია, საქართველოში მეგობრულად ცხოვრობს. ოფიციალური თბილისის კი, ცდილობს, კონფიქტის მხარეებს შორის სიტუაცია დააბალანსოს. 

პოპულარულ გამოცემას მაგალითად საქართველოს 2 სოფელი მოჰყავს.

ერთი სოფელი ხოჯორნია, რომელიც სამხრეთ საქართველოში, სომხეთის საზღვართან მდებარეობს. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს სოფელი აზებაიჯანელებით და სომხებითაა დასახლებული და არაფრით განსხვავდება საქართველოს სხვა სოფლებისგან. აქ მეზობლების ძირითადი სასაუბრო თემაა მომავალი არჩევნები და მტკივნეულ თემას- ყარაბაღის კონფლიქტს სოფელში არსებულ „ბირჟაზე“ არ განიხილავენ.

როგორც სტატიის ავტორი წერს, სოფლის მცხოვრებლები მასთან საუბარში ამბობენ, რომ ომი არ უნდათ, უბრალოდ, მშვიდად ცხოვრება სურთ, დანარჩენი კი, მათზე არ არის დამოკიდებული. 

სოფლის მოსახლეობა ჟურნალისტებთან საუბარს გაურბის, რადგან შიშობენ, რომ მათი ნათქვამი ორი ერის მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შესაძლოა, არასწორად გაიგონ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ავტორის თქმით, ახლახანს სოფელში ახალი გზა გაიყვანეს, მოსახლეობა ბუნებრივი გაზით მოამარაგეს და ახალი სკოლა ააშენეს, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვები ერთად ისწავლიან.

BBC-ს ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სომეხი ეროვნებისაა, ადამიანები გაცილებით აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტის განხილვაში, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ თურქეთში მიმავალი გზის ჩაკეტვაც კი მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ამ გზით აზერბაიჯანი იარაღით მარაგდება. ავტორის თქმით, ეს რეგიონი აქტიურად ადევნებს თვალს კონფლიქტს და მოსახლეობა ფულსაც კი აგროვებს სომხეთის დასახმარებლად. 

ბიბისი-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ხშირად ფეიკნიუსების სამიზნე ხდება, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება და ოფიციალურ თბილისს ერთ-ერთი მხარის სასარგებლო მოქმედებებში სდებს ბრალს. ამის საწინააღმდეგოდ კონფლიქტში ჩართული მხარეების საელჩოებმაც კი გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს დეზინფორმაციაა.

გამოცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის სიტყვებს ციტირებს. გობრონიძის თქმით, საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის შესახებ ჯერჯერობით არავინ საუბრობს, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია მოხდეს. მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესშია. 

რაც შეეხება მოსახლეობას სოფლებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ცხოვრობენ, ისინი აცხადებენ, რომ ყარაბაღის ომმა მათ ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

„არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ იძლევიან“,-ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: