ვინ არის ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც ავჭალაში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

Nusagi

ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირზე მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი ვალერიან ნემსიწვერიძეა.

ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს ძმასთან, მიხეილ ნემსიწვერიძესთან ერთად დააკავეს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისთვის. მათთან ერთად ასევე დააკავეს 27 წლის დავით მინდაძე, რომელსაც გამოძიების თანახმად, დეპუტატი კახა გიუაშვილი უნდა მოეკლა. 

თავდასხმა განხორციელდა გიუაშვილის სახლთან. დაქირავებულმა მკვლელმა დეპუტატს მაშინ ესროლა, როდესაც ის ავტოფარეხში მანქანას აყენებდა, შემდეგ ავტოფარეხში ჩაკეტა და მიიმალა. კახა გიუაშვილს 7-დან 5 ტყვია მოხვდა, თუმცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 

დაკავების შემდეგ მინდაძემ აღიარებით ჩვენება მისცა და შემკვეთებიც დაასახელა. 

მოგვიანებით, დეპუტატმა სასამართლოს მოუყვა, რომ როგორც „ინტელექტბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა უმსხვილესმა აქციონერმა, მან ვალერიან ნემსიწვერიძის ძმას რეკომენდაცია მისცა ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე, თუმცა ამ ორმა ძმამ ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა. მათ აიღეს კლიენტების კუთვნილი გარკვეული ოქროულობა და დიდი ოდენობით თანხა და 2003 წლის ოქტომბერში გაუჩინარდნენ. სამი დღის შემდეგ, ოჯახის მცდელობის შედეგად, ძმების ბიძამ ნივთები და ფული ბანკს დაუბრუნა. რამდენიმე თვით ადრე ხსენებული ფილიალის შიდა აუდიტმა იქ საკმაოდ დიდი ოდენობის დანაკლისი აღმოაჩინა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძემ და მისმა ძმამ ზეწოლა მოახდინეს აუდიტის კომიტეტის წევრებზე, რათა მათ არ ეცნობებინათ ამის შესახებ თბილისის სათავო ოფისისთვის. შიდა მსჯელობის შემდეგ, რაშიც პარლამენტის წევრი პირადად მონაწილეობდა, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორივე ძმა არაუგვიანეს 2004 წლის 25 იანვრისა დაფარავდა იმ 750 000 აშშ დოლარს, რომლებიც მათ გაფლანგეს სხვადასხვა გზით. პარლამენტის წევრმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მან ადვილად ამოიცნო დავით მინდაძე. მან დაადასტურა, რომ ამოცნობითი წარდგენის შემდეგ, იგი გამომძიებლის თანხმობით მივიდა მასთან და ჰკითხა, თუ რატომ სცადა ამ უკანასკნელმა მისი მოკვლა. 

2007 წელს, როდესაც პრეზიდენტი გადადგა, ვალერიან ნემსიწვერიძის ძმა, მიხეილ ნემსიწვერიძე ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა და ციხიდან გათავისუფლდა.

ვალერიან ნემსიწვერიძეს ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთ ორგანიზატორადაც მიიჩნევენ. ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც იმ პერიოდში სხვადასხვა ტელევიზიით გადაიცემოდა, ერთ-ერთი პატიმარი ტელეფონით უკავშირდება რუსეთში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს და მისგან იღებს დავალებას. საუბარში ბევრმა ვალერიან ნემსიწვერიძის ხმა ამოიცნო. 

2017 წელს შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს.

მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობებისა და პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო. 

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დაადგინა დარღვევების ერთობლიობა და აღიარებს, რომ მომჩივნებმა განიცადეს მორალური ზიანი,

2017 წელს სტრასბურგის სასამართლომ, საქმეში “მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ”, იზოლატორში და ციხეში სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დააკისრა, საიდანაც 28 000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16 000 ევრო  ვალერიან ნემსიწვერიძეს შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ დანაშაული დღეს, 23 ოქტომბერს მოხდა. ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: