საქმე გვაქვს პირთან, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც მოესპო და მძევლებიც მოეკლა იმ მიზნისთვის, რაც მან დაგეგმა

Nusagi

ზოგიერთმა პოლიტიკურმა მედიამ უკვე პარალელური გამოძიება დაიწყო, რომ მოხდეს პირის იდენტიფიცირება და ხომ არ ჰყავს ამ პირს თანამზრახველი. მათი პოლიტიკური არჩევანი და სტრატეგიაა, რომ ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიმყარონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე საზოგადოებაში არის ინტერესი, რომ იცოდნენ პოლიციამ იცის თუ არა ვინ იყო ეს თავდამსხმელი, საზოგადოებას აინტერესებს დევნის ოპერაცია მიმდინარეობს თუ არა და აქვთ შიში – ხვალ იგივე ხომ არ განმეორდება?!

მინდა საზოგადოებას ვუთხრა: ჩვენ გვაქვს საქმე პირთან, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც მოესპო და მძევლებიც მოეკლა იმ მიზნისთვის, რაც მან დაგეგმა. დაგეგმილი აქვს ყველაფერი, წამსვლელია სიკვდილზე. მისი მიზანია, (რომელიც მისი მოქმედებებიდან ჩანს), ბიოლოგიური მასალაც არ დატოვოს. მას აქვს მიზანი და განცდა, რომ ის ფულს ისე წაიღებს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. მას გამიზნული აქვს, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს და არის თავზეხელაღებული.

როგორც კი მისი იდენტიფიცირება საჯაროდ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პირი მიხვდება, რომ ის კუთხეშია მოქცეული და რამდენადაც მისი ქმედებები იყო მაღალი ხიფათის მატარებელი, ის შეიძლება თავზეხელაღებული გახდეს და სხვა დანაშაულზე წავიდეს. ამიტომ მე, მედიას და საზოგადოებას მივმართავ, ვუხსნი, რომ ამ ინფორმაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს და ამ სტრუქტურამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას რა ფანტაზიაც მოუვა, ყველა მიმართულებით უკვე მუშაობენ და დარწმუნებული ვარა, ძალიან მალე კვალზე გავლენ, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ მეორე რისკი არ წარმოიქმნას“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: