გიორგი ამილახვარი: საბავშვო ბაღში დასაქმებულ ყველა ადამიანს ხელფასი გაეზრდება 50 -დან 100 %- მდე, დაიწყება კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დასაქმების პროგრამა

Nusagi

განათლების პროცესი ადამიანის დაბადებიდანვე იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენ თქვენთან, საზოგადოებასთან ერთად ადამიანზე მზრუნველობას დაბადებიდანვე ვიწყებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სკოლამდელი განათლების ამოცანაა, რომ სკოლამდელი განათლების პროცესში ჩვენი შვილები სრულყოფილად მოვამზადოთ სკოლისთვის, რათა ისინი სკოლისთვის ყველა საჭირო უნარ-ჩვევით შევიდნენ საკლასო ოთახებში.

„ამ ამოცანის შესასრულებლად მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ – კერძოდ, ჩამოყალიბდება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამა, რის შედეგადაც ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას გამოუმუშავდებათ ყველა საჭირო მრავალმხრივი უნარები, რაც საჭიროა სასკოლო განათლებისთვის და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ღონისძიება სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების საფეხურზე გადასასვლელად.

ჩვენ უწყვეტად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას და არსებული ბაღების რეაბილიტაციის პროცესს . ყველა ბაღი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით. შედეგად, ჩვენი შვილები სასკოლო განათლებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას დაეუფლებიან თანამედროვე გარემოში.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებში ბაღში დასაქმებულ ყველა ადამიანს მომდევნო წლების განმავლობაში ხელფასი გაეზრდება 50 -დან 100 %- მდე, გაგრძელდება მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები და დაიწყება ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დასაქმების პროგრამა.

სკოლამდელი განათლება, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ბავშვების ჩამოყალიბებისთვის. სააღმზრდელო დაწესებულებების გარდაქმნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად , ბაღებში დასაქმებულ პირთათვის ხელფასების ზრდა, ინფრასტრუქტურის უწყვეტად გაგრძელება – ყოველივე ეს მყარ საფუძველს შექმნის ჩვენი მომავალი თაობების სწორი განათლებისა და განვითარებისთვის. კვალიფიციური, ადამიანური კაპიტალის არსებობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დამეთანხმებით, რომ პროფესიული განათლება – ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდისთვის ” ქართული ოცნებისთვის” პროფესიული განათლება განსაკუთრებული პრიორიტეტია .

ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი და ხელმისაწვდომი გავხადოთ იგი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ამოცანის შესასრულებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გავხადოთ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი, რაც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე და მის სპეციფიკაზე.

შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მის მშობლიურ მხარეში, ქალაქში, რაიონში და უზრუნველყოს მისი ოჯახის კეთილდღეობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან . ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება სტრუქტურულად და შინაარსობრივად დაუკავშირდება ზოგადი განათლების საფეხურს და მოხდება მისი ინტეგრირება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტები ისარგებლებენ ზუსტად იგივე სიკეთეებით და შესაძლებლობებით, რითაც სარგებლობენ ჩვენი უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტები.

პროფესიული განათლების ახალი სისტემა ორიენტირებული იქნება როგორც ახალგაზრდებზე, ასევე ზრდასრულებზე და მათ საჭიროებებზე. შესაბამისად , იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, მისი ინტეგრირება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ინტერნაციონალიზაცია უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მასშტაბური გახდება პროფესიული განათლება და ამაღლდება მისი პრესტიჟი. შედეგად, ეს ყოველივე მოიტანს მეტ დასაქმებულ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოგეხსენებათ ხარისხიანი უმაღლესი განათლების არსებობას ქვეყანაში მისი სამომავლო განვითარების თვალსაზრისით . ჩვენი მიზანია, რომ უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს გააჩნდეთ ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ასპარეზზე და შესაბამისობაში იქნება თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან. ნათელია, რომ დღეს შრომის ბაზრის მოთხოვნებმა ახალი პრიორიტეტები ჩამოაყალიბა, ახალი მოთხოვნები გააჩინა.

შედეგად, ამან გამოიწვია ის, რომ გადასახედია უმაღლესი განათლების არსებული დაფინანსების მოდელი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოვაყალიბოთ დაფინანსების სრულიად კონცეპტუალურად ახალი დაფინანსების მოდელი. ახალი დაფინანსების მოდელი დაეფუძნება სწავლის შედეგებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან ხელმისაწვდომ განათლებას რის შედეგადაც ამაღლდება აკადემიური სწავლების ხარისხი, მკვეთრად გაუმჯობესდება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო კვლევითი პოტენციალი . განვლილი წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უმაღლესი განათლების ხარისხის თავსებადობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ დიდ ევროპულ საგანმანათლებლო ოჯახში.

სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო აკრედიტაციების პროცესი ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამების დანერგვა. შედეგად, ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ ისეთი ცოდნა , მსგავსი ცოდნა, რაც მათ თანატოლებს შეუძლიათ მიიღონ მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში. დამეთანხმებით, რომ ამის ნათელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველო მომზადდება ,,ერაზმუს +” პროგრამის ქვეყნად და გარდა ახალგაზრდობის და უმაღლესი განათლების კომპონენტისა, ქვეყანას წვდომა გაეხსნება მის ყველა კომპონენტზე.

შესაბამისად, მოხდება პროგრამის სრული პოტენციალის ათვისება რის შედეგადაც ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, პროფესორებს , სტუდენტებს, სპორტსმენებს , ახალგაზრდებს წვდომა ექნებათ, რათა ისინი ჩაერთონ საერთაშორისო მობილობებში და სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს განათლების სისტემას ევროკავშირთან და მის განათლების სისტემასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე . სახელმწიფოს მიერ სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტები , ახალი დაფინანსების სისტემა, მისი ინტეგრირება ევროკავშირის განათლების სისტემასთან – ყოველივე ეს საწინდარია იმის, რომ ჩვენი უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი ცოდნა , რაც მოუტანს მათ ღირსეულ შემოსავალს, რათა მათ უზრუნველყონ თავიანთი ოჯახების კეთილდღეობა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავება“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: