მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ყარაულაშვილი სავარაუდოდ, ელდარ გიორგაძის ინტერვიუს გულისხმობს, რომელიც ამ უკანასკნელმა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას მისცა.
„ბიჯო, ამ “კაგებე”- შნიკებმა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრატეგიული წარმომადგენლის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ოცი წლის შემდეგ კი არ უნდა დაარიგოთ ინტერვიუები თქვენს პატრონსა და დამსაქმებელზე, არამედ მაშინვე-ვიდრე მასთან მუშაობთ და ბაგაზე აბიხართ მოყირჭებული ჭამისგან დუჟმორეულები – მაშინ უნდა თქვათ ხოლმე სათქმელი თუ გაქვთ რაიმე და თუ ვაჟკაცები ხართ!!!
ეხლა გინდ გითქვია და გინდ არა, მით უმეტეს, რასაც ამბობ, ეგ ყველაფერი ამ ბოლო ათი წლის მანძილზე ზუსტად მაგავე დეზინფორმაციის გენერატორების – “გლავკანალისა” და მისი შენაერთი “კანალების” მიერ არის მოგონილი, შეთხზული და გავრცელებული.
პ.ს. : აი, ასეთი ხალხის ხელში იყო ქვეყნის პირველი პირის – სახელმწიფოს მეთაურის და პრეზიდენტის- უსაფრთხოება და სიკვდილ-სიცოცხლის გასაღები … “,-წერს მირიან ყარაულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ელდარ გოგოლაძემ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და ურჩია მას, რომ „გამოიძახოს “გაზპრომი”, დაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს ევროპაში“.
შეგახსენებთ, ელდარ გოგოლაძე 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში ფიგურირებდა. ვუდროფი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ოფიცერი იყო და ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორს ხელმძღვანელობდა. ვუდროფი თბილისში აშშ საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს. გავრცელებული ვერსიით, მსოფლიო სენსაციად ქცეული მკვლელობა რუსეთის დაზვერვის მიერ არის ჩადენილი. ავტომობილში, სადაც ვუდროფი მოკლეს, ელდარ გოგოლაძეც იმყოფებოდა.