რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ემანუელ მაკრონმა გზა დაკარგა, ის მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ნამდვილად უნდა შემოწმდეს

Nusagi

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ”გზა დაკარგა”. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის ლიდერის მიმართ მეორე მწვავე კრიტიკაა ერდოღანის მხრიდან.

”საფრანგეთზე პასუხისმგებელმა პირმა გზა დაკარგა. ის მთელი დღის განმავლობაში ერდოღანზე ფიქრობს. ჯერ საკუთარ თავს შეხედე, სად მიდიხარ. გუშინ ვთქვი, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს ”, – აღნიშნა ერდოღანმა მალათიის აღმოსავლეთ პროვინციაში სატელევიზიო გამოსვლაში.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. “მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის ამ განცხადებას საფრანგეთის მხრიდან ანკარადან ელჩის გაწვევა მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, ერდოღანის მსგავსი შეფასებები, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომ „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მაკრონის თქმით, “ისლამისტური სეპარატიზმი” საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.

Facebook Comments
%d bloggers like this: