დავალეწავ ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და ხმებს გამიყალბებს, იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ასე გააკეთებენ

Nusagi

დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, შესაძლოა, ქუჩის პროტესტი დაიწყოს.

ბურჯანაძემ ხელისუფლებას უტვინო უწოდა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რადგან „თუ ხელისუფლებას ეშინია, რომ ოპოზიცია რაღაც კადრებს გამოგიქვეყნებს, სწორედ სახლში უნდა წახვიდე“.

„მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, 5%-ს დამიწერს, 10%-ს, 55% თუ 115%-ს, თუ გააყალბებს, მე მაინც გავაპროტესტებ ამას და ძალიან ფრთხილად იყოს და არ იფიქროს , რომ ამდენ პროცენტს გადავუგდებ ბურჯანაძეს ან ვინმე სხვას და ის ხმას არ ამოიღებს ან ამაზე ნაკლებს დავუწერ და რაღაცის გამო უხერხულობას შევუქმნი, რომ არ იყვიროსო. ყველა წავლეკავთ ერთად. ნუ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმას, რაც გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არანაირი სურვილი არ მაქვს ქუჩაში დადგომის. რა თქმა უნდა, შეიძლება მივიდეს ქუჩის პროტესტებამდე საქმე“,-განაცხადა მან.

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია გამომიქვეყნებსო, რა ხელისუფლება ხარ? ოპოზიცია გისმენს, ოპოზიცია გიქვეყნებს, ოპოზიცია გასწრებს დამნაშავის გამოაშკარავებას, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს და შენ ამის აღკვეთას ვერ ახერხებ მაშინ რა გინდა? წადი სახლში, დაისვენე, შენც დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე. მე ასეთი უტვინო, უგვანო და უნიათო ხელისუფლება არ მინახავს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მაგარი იმაში, რომ ნამდვილად წილები გადაინაწილა, ნამდვილად დიდი ფული გააკეთა, ნამდვილად ებღაუჭება ხელისუფლებას. ვაფრთხილებ ივანიშვილს, არანაირი სურვილი არ მაქვს არც თქვენი ჩამოშლის, იმიტომ კი არა, რომ თქვენთან რაიმე სენტიმენტები მაქვს, იმიტომ, რომ მინდა ქვეყანა ნორმალუყრად გადავიდეს სხვა რეჟმში, არც ქუჩაში დგომის სურვილი მაქვს. დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და გამიყალბებს ხმებს და იმედია ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტია და არავინ არავის არ გაურიგდება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული ცუდი გამოცდილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლება იმაზე „ორიგინალურს“ ვერაფერს მოიფიქრებს.

„მადლობა „ ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ისეთი აცრები გამიკეთეს, რომ თქვენ რა უნდა მოიფიქროთ, რაც იმათ არ მოაფიქრდათ. ასე რომ, შანტაჟი ჩემზე არ იმოქმედებს. მე დავიცავ ყველა ხმას, ვინც მისცემს ჩემს პარტიას ხმას,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: