Charlie Hebdo-მ ერდოღანზე კარიკატურა გამოაქვეყნა

Nusagi

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „ჩარლი ებდომ“ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, გამოცემის ტვიტერზე თურქეთის ლიდერის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კარიკატურა გამოაქვეყნა. 

ნახატზე გამოსახულია ნახევრადგახდილი ერდოღანი , რომელიც სავარძელში ზის, ერთ ხელში სასმელი უჭირავს, მეორე ხელით კი, ჰიჯაბში გამოწყობილ ოფიციანტს კაბას უწევს. კარიკატურას წარწერა აქვს: „ერდოღანი პირად ცხოვრებაში ძალიან მხიარულია“.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუბლიკაცია გააკრიტიკა და გამოცემა კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტ მაკრონის ანტიმუსლიმურმა პროგრამამ ნაყოფი გამოიღო. Charlie Hebdo -მ ახლახანს გამოაქვეყნა ე.წ. კარიკატურების სერია, რომელიც სავსეა ჩვენი პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი გამოსახულებებით“,-დაწერა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უერთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

საფრანგეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მორიგი გაუარესება პარიზის გარეუბანში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, როდესაც ექსტრემისტმა მასწავლებელი მოკლა. მაკრონმა მკვლელობას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა და მუჰამედზე კარიკატურების და საზოგადოებრივი ღირებულებების დასაცავად გამოვიდა. 

პასუხად ერდოღანმა მაკრონს შესთავაზა, ფსიქიკა შეიმოწმოს. საფრანგეთმა კი, თურქეთიდან ელჩი გამოიწვია.

Facebook Comments
%d bloggers like this: