გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

Nusagi

31 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში ჩატარდება არჩევნები და საარჩევნო კამპანიაც უჩვეულო გარემოში ჩატარდა პირბადეებით, თუმცა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

„დიდი პატივია დღეს, აქ ყოფნა, მშვენიერ თბილისში, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მშვენიერდება და ამას ყველა დაკვირვებული თვალი ხედავს.

ჩვენ, როგორც კახიმ თქვა, 2 დღეში, საკმაოდ უჩვეულო გარემოში გვიწევს არჩევნების ჩატარება და საარჩევნო კამპანიაც ასე უჩვეულო გარემოში ჩავატარეთ პირბადეებით, ოღონდ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ზრუნვით ჩვენს მოქალაქეებზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

სწორედ, ასე, ერთმანეთზე ზრუნვით 2 დღეში, 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს.

ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე დღეს, პირველი ნოემბრიდან ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ის პროექტები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლია დღეები, თვეები ვკარგოთ ამ გაურკვეველ კინკლაობაზე, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ უმთავრესი გამოწვევა დღეს ჩვენთვის არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ გეგმით, რომელიც გვაქვს, იმ პროგრამით, რომელიც დამუშავებულია და განხორციელდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონში ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ამას ექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული პროექტების განხორციელებით.

უახლოესი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველო სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა თბილისშიც.

ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა დაბასა და სოფელში თანაბარი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ იშრომონ, იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე და ღირსეულად შეეძლოთ თავიანთი ოჯახების რჩენა, ჰქონდეთ თანაბარი განათლება, თანაბარი ჯანდაცვა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იქნება ის 4 წელი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, 2024 წელს ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ეს იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: